კორონავირუსი და ეკონომიკა

რა წარადგინა დღეს გახარიამ - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

დღეს, 24 აპრილს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ შემუშავებული გეგმა წარადგინა.

გეგმის ჯამური ღირებულება 3.5 მილიარდ ლარს აღწევს, კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალი კი ასეთია:

დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200-ლარიან დახმარებას, ჯამში 1200 ლარს მიიღებენ. ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე შეძლებს, რაც პრემიერის თქმით, ბიუჯეტს 460 მილიონი ლარი დაუჯდება.

დამსაქმებლები შენარჩუნებული სამუშაო ადგილებისათვის სახელმწიფოსგან ექვს-თვიან შეღავათს მიიღებენ - მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასი სრულად, ხოლო 750 ლარიდან 1500 ლარამდე ხელფასები 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. გახარიას თანახმად, ეს ბიუჯეტს 250 მილიონი ლარი დაუჯდება.

რაც შეეხებათ თვითდასაქმებულებსა და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს, ისინი შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ. მთავრობის გაანგარიშებით, ამისათვის დაახლოებით 75 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-სა და 100 ათასს შორის, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს, ანუ თვეში 100 ლარს მიიღებენ. ეს დახმარება 70 ათას ოჯახს - 190 ათას მოქალაქეს შეეხება. ამისთვის ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და ჰყავთ 3 ან მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი, (რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახს), 6 თვის განმავლობაში ასევე თვეში 100 ლარს მიიღებენ. ასეთი ოჯახების რაოდენობა 21 000 ოჯახია და ჯამში 121 ათას მოქალაქეს ეხება. ეს ბიუჯეტს 13 მილიონი ლარი დაუჯდება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 6 თვის განმავლობაში ასევე 100 ლარს მიიღებენ თვეში, რისთვისაც 25 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პრემიერმა ისაუბრა პენსიებზეც. 2021 წლის იანვრიდან მთავრობა პენსიების ინდექსაციას შემოიღებს. პენსია ყველას გაეზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა. ამასთან, ინფლაციის მაჩვენებელთან ერთად, პენსია გაიზრდება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%-ით.

მთავრობის დაანგარიშებით, გეგმის ღირებულება ასეთია:

  • მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი სოციალური მხარდაჭერა 1.35 მილიარდი ლარი
  • ეკონომიკაზე ზრუნვა და მეწარმეობის მხარდაჭერა - 2.11 მილიარდი
  • ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მეწარმეობის მხარდაჭერა - 350 მილიონი

ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება და ექვს ეტაპად, საშუალოდ 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები