სააკაშვილი უკრაინაში

თალაკვაძე სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერობაზე: პოლიტიკურ თანამშრომლობას დაააზიანებს

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნა, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას დააზიანებს.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და ძალიან მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხსა და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღოდა წინ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობთ, ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება", - ამბობს თალაკვაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია, თუმცა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

მაგრამ, გახარიამ აღნიშნა, რომ თუ სააკაშვილს უკრაინა ვიცეპრემიერად დანიშნავს, მმართველი გუნდი ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოიწვევს.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილის თქმით, ის მზადაა, მიიღოს შემოთავაზება.

კომენტარები