უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა

სააკაშვილის დანიშვნა სტრატეგიული პარტნიორისგან მიუღებელი ნაბიჯი იქნება - ელჩი უკრაინაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნას თბილისი დიდი ალბათობით, არამეგობრულ, მიუღებელ ნაბიჯად აღიქვამს. ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ ინტერფაქსის უკრაინის ბიუროსთან საუბარში განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული სახელმწიფოსა და სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი და მასზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. თავის დროზე საქართველომ მიმართა უკრაინას სააკაშვილის დაკავების და გადაცემის თხოვნით. ასევე, უკრაინულ მხარეს გადაეცა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანი [სააკაშვილი] არაერთხელ მოუწოდებდა ადამიანებს. ძალადობრივი გზით დაემხოთ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ბატონი სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ვიცე-პრემიერის პოსტზე თბილისში აღქმული იქნება როგორც არამეგობრული და სტრატეგიული პარტნიორისგან მიუღებელი ნაბიჯი", — განაცხადა შარაშენიძემ. 

შარაშენიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინისთვის ცნობილია. 

"ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრობას და ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი [უკრაინა] გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას სააკაშვილის პერსონის მიმართ. იმედია, რომ უკრაინული მხარე ასევე მიიღებს მხედველობაში სააკაშვილის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულებს და ძალაში შესულ სასამართლო განაჩენებს", — ამბობს შარაშენიძე. 

გამოცემასთან საუბარში ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას სხვადასხვა ფორმატში და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის დინამიკა საკმაოდ მაღალია.

"საქართველო უკრაინას ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ სახელმწიფოდ, ხოლო უკრაინელებს ერთ-ერთ ყველაზე ახლობელ ხალხად მიიჩნევს", — ამბობს შარაშენიძე.

საქართველოს ელჩმა უკრაინაში, ასევე თქვა, რომ "სხვადასხვა ძალებს" ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მცდელობა ჰქონდათ, "დაეთესათ უთანხმოება ორი ქვეყნის ურთიერთობაში", თუმცა, მისი თქმით, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. 

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ ზელენსკისგან მიიღო შეთავაზება რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერობის შესახებ.

"ჩემთვის ეს დიდი პატივია. მე მქონდა შინაარსიანი და სასარგებლო საუბარი პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან, რომლის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ ჩემს შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი", — თქვა სააკაშვილმა. 

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ უკრაინა მიხეილ სააკაშვილს ვიცეპრემიერად დანიშნავს, ამას "საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება".

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია, პრემიერმინისტრი უარყოფს და ამბობს, რომ ჯერჯერობით ელჩი არ გამოუწვევიათ. თუმცა, თუ სააკაშვილს უკრაინა ვიცეპრემიერად დანიშნავს, გიორგი გახარიას თქმით, მმართველი გუნდი ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოიწვევს.

კომენტარები