მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა

მაჭავარიანი: პირები, რომლებმაც ორიდან ერთი სამსახური დაკარგეს კომპენსაციას ვერ მიიღებენ

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტი-კრიზისულ გეგმაზე ისაუბრა. მაჭავარიანის თქმით, უმუშევრობის კომპენსაცია სხვადასხვა კატეგორიის დასაქმებულები მიიღებენ, მათ შორის მიკრო და ინდმეწარმეებიც. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, უმუშევრობის კომპენსაციას ვერ მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც კრიზისამდე პერიოდში ორ სამუშაო ადგილზე მუშაობდნენ და ერთ-ერთი დაკარგეს. "თუ მოქალაქეს ერთი სამსახური დარჩა, კომპენსაციას ვერ მიიღებს",— განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

მაჭავარიანის თქმით, უმუშევრობის კომპენსაციის გაცემისას მთავრობას საშემოსავლო სამსახურის ბაზებს დაეყრდნობა. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ კომპენსაციას გაცემის პროცესში ყველაზე რთული იმ თვითდასაქმებული პირების იდენტიფიცირება იქნება, რომელთა სამუშაო ადგილი კრიზისის გამო დაიკარგა. 

გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო დაახლოებით 350 ათასი სამუშაო ადგილი გაქრება.

"ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, პროგნოზების დონეზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 350 ათასი ფორმალური, ოფიციალური სამუშაო ადგილი, რომელსაც დავკარგავთ, მინინიმუმ. ამაზე გათვლით შევადგინეთ სოციალური დახმარების პაკეტი. ამის გარდა იქნება სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალურ დასაქმებაში", — განაცხადა გიორგი გახარიამ. 

2019 წლის საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 11,6%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 221 ათასია. ამგვარად, თუ პრემიერის პროგნოზი გამართლდება უახლოეს თვეებში საქართველოში ოფიციალურად უმუშევართა რაოდენობა 570 ათასს აცდება. 

დღეს მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების 3,5 მილიარდიანი ანტი-კრიზისული პაკეტი წარმოადგინა. დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200 ლარიან დახმარებას, ჯამში 1200 ლარს მიიღებენ.

ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე შეძლებს, რაც პრემიერის თქმით, ბიუჯეტს 460 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომენტარები