სააკაშვილი უკრაინაში

კობახიძე სააკაშვილზე: იმედია, უკრაინელი კოლეგები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ

ტაბულა

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნას. ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის ცნობით, მმართველ გუნდს, მათ შორის მასაც, უკვე ჰქონდა კომუნიკაცია რადას წევრებთან. კობახიძის განმარტებით, შემდგარი კომუნიკაციის შემდეგ, არის "საფუძველი ვიფიქროთ, რომ საბოლოო ჯამში მიღებული იქნება რაციონალური გადაწყვეტილება".

"ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თუნდაც მინიმალური საფრთხის ქვეშ არ დააყენებს უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენ ვიცით ზოგადად სააკაშვილის საქმიანობა სახელმწიფო სამსახურში, თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია, არ გვინდა ასეთი საფრთხეების წინაშე დადგეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა", - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის უკრინაში ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის გამო, მმართველმა გუნდა უკრაინიდან საქართველოს ელჩი გამოიწვია. ამას არ ადასტურებს პრემიერმინისტრი. თუმცა, როგორც გიორგი გახარია ამბობს, თუ სააკაშვილს უკრაინა ვიცეპრემიერად დანიშნავს, მმართველი გუნდი ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოიწვევს.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნა, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას დააზიანებს.

ქართული ოცნების დეპუტატის, რატი იონათამიშვილი, თქმით კი, ის "არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის კავშირი ძალიან ძვირფასია".

მმართველი გუნდის მხრიდან ამ საკითხე გაკეთებულ კომენტარებს, ოპოზიცისიისგანაც მოჰყვა შეფასებები.

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, განმარტავს, რომ საუბარიც კი, უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე "ან რაიმე მიახლოებულ დიპლომატიურ ნაბიჯზე", არის პირდაპირი მავნებლობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, - "არ შეიძლება პოლიტიკურ, ან პერსონალურ დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესები გადააყოლო", - ამბობს ბოკერია.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილის თქმით, ის მზადაა, მიიღოს შემოთავაზება.

კომენტარები