კორონავირუსი საქართველოში

რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო და პირველი პაციენტები მიიღო

რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო. სამედიცინო დაწესებულებამ ცხელებით შესული სამი პაციენტი უკვე მიიღო. კლინიკა მზადაა Covid-19-ით ინფიცირებული მოქალაქეების მისაღებადაც.

სამედიცინო დაწესებულებას ამ დროისთვის 78 პაციენტის ადგილი აქვს, თუმცა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, მიმდინარეობს დამატებით აღჭურვის პროცესი და კლინიკა საბოლოოდ 220 პაციენტის მიღებას შეძლებს.

"ვართ წელში გამართული იმ მხრივ რომ, თუ გვექნება შემთხვევები ვირუსის გავრცელების, მივიღოთ, ვუმკურნალოთ როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ასევე რუხის კლინიკაში“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ რუხის საავადმყოფოში ყოფნის დროს.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო მაღალი დონის სპეციალისტებით დაკომპლექტება, მათი 80%-85% თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კადრია.

"ეს გუნდი მზად არის, დაიწყოს საქართველოში და კონკრეტულად რუხში საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების მიღება. ადგილზე მოხდება მათი ტესტირება და კოვიდის დადასტურების შემთხვევაში ადგილზე გაივლიან მკურნალობს. პირველ ეტაპზე ანალიზებს აიღებენ ჩვენი თანამშრომლები და გადაგზავნილი იქნება ლაბორატორიაში, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება სპეციალური აპარატის ადგილზე ჩამოტანა და დამონტაჟება, რათა ადგილზე მოხდეს ე.წ. PCR ტესტირება" - თქვა ჩოგოვაძემ.

რუხის კლინიკაში აფხაზეთიდან შემოსულ პაციენტებსაც მიიღებენ.

საქართველოში კორონავირუსის 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 132 და გარდაიცვალა 5 ადამიანი.

კომენტარები