კორონავირუსი

ტრამპმა $484 მილიარდიან დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპი
Getty

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში ხელი მოაწერა დახმარების პაკეტს, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესისა და ჯანდაცვის სექტორის დასახმარებლად ჯამში 484 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

პაკეტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კონგრესმა მას შემდეგ მოილაპარაკეს, რაც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შესარბილებელ ჩეკებით დაცვის პროგრამას სახსრები ამოეწურა. პროგრამა, რომელიც მცირე ბიზნესის დახმარებას ისახავს მიზნად, კონგრესის წინა, 2 მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში იყო შექმნილი, ახლა კი მისთვის 310 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

გარდა ამისა, ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული იქნება 60 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესის საგანგებო სესხებისა და გრანტებისთვის, 75 მილიარდი დოლარი საავადმყოფოებისა და ჯანდაცვისთვის და 25 მილიარდი - კორონავირუსის ტესტირების პროგრამისთვის.

ჯამში აშშ-ს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გამოყოფილი თანხა 3 ტრილიონ დოლარს აღწევს.

წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს 388-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 5-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ კვირაში უმუშევრობის შემწეობა აშშ-ში 4.4-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად ჯამში 26-მა მილიონმა ამერიკელმა დაკარგა სამუშაო ადგილი. 

24 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 903 202 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 50 952 ადამიანი გარდაიცვალა, 90 261 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები