"მომაკვდინებელი ლაბორატორია, სადაც ადამიანებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ" - ეს ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ გავრცელებული ერთერთი ყველაზე დიდი მითია, რომელიც რუსეთმა შექმნა.
მითები მრავალი იყო და, როგორც წესი, ერთი მეორეზე აბსურდული. ლაბორატორიის მიზანში ამოღების მიზეზი კი მარტივია - ოკუპანტ ქვეყანას აწუხებდა და აწუხებს ნებისმიერი სახის წარმატება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ წარმატებაში აშშ-ის როლიც ურევია.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დღიდან მისი დაარსებისა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დიდ როლს ასრულებდა, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მან სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა და ვირუსთან ბრძოლაში ქვეყნის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
მანამ, სანამ ლუგარის ლაბორატორიის გენომის ცენტრის ორი მეცნიერი მარი მურცხვალაძე და ნატო კოტარია საქართველოში გავრცელებული SARS-COV-2-ის გენოტიპებზე მუშაობდნენ და ამ ცოდნას, გრიპის ონლაინ ბაზის მეშვეობით, დანარჩენ მსოფლიოს უზიარებდნენ, რუსეთი ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებდა.
ლუგარის კვლევითი ცენტრის დაარსების ისტორია
ბიოუსაფრთხოების შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირველი ხელშეკრულება 1997 წლით თარიღდება. ეს ხელშეკრულება, თავის მხრივ, აშშ-ის მხრიდან იმ პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის მოსალოდნელი ნგრევის პარალელურად დაიწყო და რომლის მთავარი მედროშეებიც სენატორები სემ ნანი და რიჩარდ ლუგარი იყვნენ.
ნანი-ლუგარის პროგრამა - ამ სახელითაა ცნობილი საფრთხის შემცირების თანამშრომლობის პროგრამა, გეგმა, რომელიც დემოკრატმა, სემ ნანმა, და რესპუბლიკელმა, რიჩარდ ლუგარმა, წარადგინეს, რათა 90-იან წლებში დახმარებოდნენ რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს მათი ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური შეიარაღების მოშლასა და გაუვნებელყოფაში.
1997 წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმება დაიდო, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავებას ეხებოდა.
შეთანხმების მიხედვით, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელს აწერდა პრეზიდენტი შევარდნაძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან პრეზიდენტი კლინტონი, მხარეების მიზანი იყო, არ დაეშვათ საქართველოდან მასობრივი განადგურების იარაღისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, მასალებისა და ექსპერტული მონაცემების გავრცელება; არ დაეშვათ საქართველოდან ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღისა და მათთან დაკავშირებული მასალების არასანქცირებული გატანა და ტრანსპორტირება; ხელი შეეწყოთ მხარეებს შორის თავდაცვითი და სამხედრო კონტაქტებისა და სხვა ერთობლივი სამხედრო ღონისძიებებისთვის.
მოგვიანებით, 2002 წლის 30 დეკემბერს საქართველოსა და აშშ-ს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა.
შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტებს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობას შეეხებოდა და, თავისი არსით, ლუგარის კვლევითი ცენტრის შექმნის ერთგვარ წინამორბედ შეთანხმებად ითვლება.
თუმცა, ამ დოკუმენტის მიხედვით, საუბარი ეხებოდა დაცულ საცავს, სადაც შემდგომში საქართველოში აღმოჩენილი პათოგენები იქნებოდა შენახული და არა - მრავალფუნქციურ კვლევით ცენტრს. როგორც ლუგარის კვლევითი ცენტრის პირველი ხელმძღვანელი ანა ჟვანია ტაბულასთან საუბარში იხსენებს, ლაბორატორიის შექმნა სერიოზულად და უკვე პრაქტიკული მუშაობის ჭრილში აშშ-საქართველოს მოლაპარაკების საგანი 2004 წელს გახდა და კონცეფციის შემუშავებაც ამ დროიდან დაიწყო.
"ასეთი მასშტაბის ლაბორატორიის შექმნის პროექტზე აქტიური მუშობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდა. მაშინ გადაწყდა, რომ ეს თანამედროვე კვლევითი ცენტრი იქნებოდა და არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს მოემსახურებოდა. ამასთან, ქართული მხარის მოთხოვნით დაიწყო ამერიკელი სამხედრო სამედიცინო მკვლევარების საქართველოში განთავსების იდეაზე მუშაობა", - იხსენებს ანა ჟვანია.
ლაბორატორიის მშენებლობის დაწყების თარიღად 2004 წელია მოხსენიებული აშშ-ის სამხედრო კვლევითი სარდლობისა (რომელიც შეთანხმების ერთერთ მხარეს წარმოადგენდა) და აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული განცხადებებშიც.
2004 წლის მარტში საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროებს შორის მორიგი შეთანხმება დაიდო, სადაც პირველად იწყება საუბარი ცენტრალიზებულ ლაბორატორიებზე და რომლის მიხედვითაც, აშშ საქართველოსთან ფინანსურ ვალდებულებებს იღებს.
2004 წლიდან 2012 წლამდე ლაბორატორიის მშენებლობის პარალელურად, ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნის ფაზა მიმდინარეობდა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდებოდა.
ლუგარის კვლევითი ცენტრი 2012 წლის აგვისტოში ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას სენატორი ლუგარი ესწრებოდა.
კვლევითი ცენტრი ღია გახდა მედიისთვის, მეცნიერებისთვის, სტუდენტებისა და კერძო კვლევითი და სამეცინიერო დაწესებულებებისთვის.
ცენტრში განთავსდა ამერიკელი სამხედრო მკვლევარების გრძელვადიანი წარმომადგენლობა, რომლებიც ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევით ინსტიტუტსა და აშშ-ის სამხედრო სამედიცინო კვლევისა და განვითარების სარდლობას წარმოადგენენ. ამერიკელი მკვლევარების მისიად საქართველოს ჯანდაცვის პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე მუშაობა განისაზღვრა - იმ დაავადებების გამომწვევი აგენტების კვლევა, რომელიც საქართველოშია გავრცელებული და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით საფრთხეს ქმნის.
2012 წელს კვლევითი ცენტრის ოფიციალური გახსნიდან 2013 წელს მის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე ცენტრის სხვადასხვა ლაბორატორია ეტაპობრივად იხსნებოდა, რაც დროში გახანგრძლივებული პროცესი იყო, ვინაიდან საინჟინრო სამუშაოების შემდეგ შიდა საოპერაციო პროცედურები იყო გასაწერი. პარალელურად კი, მეცნიერების, ლაბორანტებისა და ბიოუსაფრთხოების ოფიცრების გადამზადება მიმდინარეობდა.
ამ პერიოდის განმავლობაში ცენტრი, ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას ცდილობდა, რათა გლობალური წყაროებიდან შესძლებოდა დაფინანსების მოპოვება.
ლუგარის ლაბორატორია "ერთიანი მსოფლიო - ერთიანი ჯანდაცვა" კონცეფციის საფუძველზე შეიქმნა, რაც დაავადებების გამომწვევების მიმართ ინტეგრირებულ მიდგომას გულისხმობს და ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის, მცენარეების, მწერების, სურსათის უვნებლობისა და სხვა მოსაზღვრე სფეროებს მოიცავს.
კონცეფციის შექმნაში მონაწილეობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიც არიან აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყოფილი დირექტორი რიტა ქოლველი; ოსლოს უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ევოლუციური სინთეზის ცენტრის დირექტორი ნილს კრისტიან სტენსეთი; ემორის უნივერსიტეტის როლინსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლოს დელ რიო; მაქს პლანკის საზოგადოების უჯრედული ბიოლოგიის მკვლევარი თეიმურაზ კურცხალია; პარიზის პასტერის ინსტიტუტის პროფესორი დავით ფრანგიშვილი; სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის Ambrx-ის დირექტორი ცოტნე ჯავახიშვილი და სხვები.
ცენტრის გახსნის შემდეგ ლუგარის კვლევითი ცენტრი იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირდა და ის პრემიერმინისტრის აპარატს დაექვემდებარა. ცენტრს 6 უწყებისგან შემდგარი საბჭო ამერიკელ წარმომადგენლებთან ერთად მართავდა.
იურიდიული პირის სტატუსი ლუგარის კვლევით ცენტრს 2013 წელს ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის დროს გაუუქმდა და ის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს დეპარტამენტის სტატუსით დაექვემდებარა.
დღეს ლაბორატორია შეისწავლის საქართველოში ნებისმიერი წარმომავლობის პათოგენებს, რომლებიც შესაძლოა, საზიანო იყოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისთვის; ამზადებს სპეციალისტებს, აქვს უნიკალური აპარატურა, რომლებსაც არამხოლოდ ლაბორატორიის თანამშრომლები იყენებენ, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მკვლევარები. ამასთან, ლუგარის ლაბორატორია არის მიკრობების ეროვნული კოლექციის საცავი და გამოავლენს და შეისწავლის ახალ დაავადებებს.
რა ხერხებით და რატომ ებრძვის რუსეთი ლუგარის კვლევით ცენტრს
რუსეთმა ჰიბრიდული, თუ სხვა სახის ომი ლუგარის კვლევით ცენტრს ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როდესაც ლაბორატორიის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული.
მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის მანქანა, სხვადასხვა გზით, იქნებოდა ეს კრემლისტური მედია, თუ თავად რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები, არაერთ ტყუილს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.
ამგვარ ქმედებებს ორი მთავარი მიზანი ჰქონდა - ერთი მხრივ, შეესუსტებინა ნდობა მაღალი დონის კვლევითი ცენტრისადმი და, მეორე მხრივ, შეერყია აშშ-ის, როგორც საქართველოს მეგობარი და მოკავშირე ქვეყნის იმიჯი.
იმაზე, თუ ჰიბრიდული ომის რა კონკრეტულ ხელსაწყოებს იყენებდა ოკუპანტი ქვეყანა ამ მიზნების მისაღწევად, აქამდეც ბევრი დაწერილა, თუმცა საინტერესოა იმის გაგება, თუ კონკრეტულად რა იყო და არის მიზეზი იმისა, რომ ლუგარის კვლევითი ცენტრი მთელი ამ წლების განმავლობაში ამხელა ყურადღებას იმსახურებს რუსეთის მხრიდან.
ანა ჟვანია ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ რუსეთი დეზინფორმაციის კამპანიას დღესაც აგრძელებს და ამჯერად ახალი კორონავირუსის შესახებ ავრცელებს ყალბ ახალ ამბებს. ჟვანიას თქმით, რუსეთი პანიკისა და უნდობლობის მაქსიმალურ გაღვივებას, სოციალური მობილიზაციისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის განადგურებას ცდილობს.
ჟვანიას თქმით, ევროკავშირის მედიამონიტორები მკაფიოდ ხედავენ რუსეთის ტროლებისა და ფსევდო-საინფორმაციო საშუალებების კოორდინირებულ მუშაობას ამ მხრივ. როგორც ის განმარტავს, ასეთივე ლოგიკა მოქმედებდა ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციის დროსაც - მაქსიმალურად ავნო სხვებს ნებისმიერი ხერხით, რადგან წარმატებული მსოფლიო და წარმატებული საზოგადოება რუსეთის მმართველობას კიდევ უფრო ცუდად წარმოაჩენს.
"რუსეთისთვის მტკივნეული იყო ამერიკის სამხედრო დახმარების ასეთი თვალსაჩინო და აღიარებული წარმატება ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში და, მითუმეტეს, საქართველოში. რუსეთს ასევე არ სურდა ამერიკელ სამხედროებს საქართველოს სასიკეთოდ ემუშავათ, ეზრუნათ მის მოქალაქეებზე და ჩართულიყვნენ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი თითქმის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მოიცავდა. რუსეთი იმ ქვეყნებშიც ცდილობდა პრობლემების შექმნას", - ამბობს ანა ჟვანია.
ცენტრის პირველი ხელმძღვანელის განმარტებითვე, ძირითად იარაღად რუსეთი ბევრი სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით მასობრივად ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკას მიმართავდა, რითიც ეჭვებსა და პანიკას თესავდა.
"ამ ხერხს იყენებდნენ იმ პრინციპით, რომ რაც უფრო აბსურდულია და ბევრია ინფორმაცია, მით უფრო შიშის მომგვრელია, "ამდენს ხომ ვერ მოიტყუებიან? იქნებ მაინც არის ეს საშიში?"
ყველანაირ ხელხს მიმართავდნენ, იღებდნენ "დოკუმენტურ" ფილმებს, რომლებიც გადიოდა მთავარ ნაციონალურ არხებზე; სხვადასხვა საინფორმაციო პორტალზე იბეჭდებოდა გამოგონილი, თითქოს "გაჟონილი" ისტორიები; ბიოლოგიური საფრთხისადმი შიში ადვილად ჩნდება, რადგან ამის მცირე ალბათობაც კი ადამიანისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს", - ყვება ანა ჟვანია.
ჟვანიას თქმით, ოკუპანტი ქვეყანა პროპაგანდისთვის რუსეთში მყოფ ან მასთან აფელირებულ ყველა ადამიანს იყენებდა, დაწყებული იგორ გიორგაძით.
როგორც ანა ჟვანია ყვება, რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარული ექიმი და "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი გენადი ონიშენკო რეგულარულად უძღვნიდა თავის გამოსვლებს საქართველოდან მომდინარე "საფრთხეებს", რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები კი რეგულარულად მართავდნენ "შეშფოთებულ" პრესკონფერენციებს ყალბი ამბების გასავრცელებლად.
"თითქოს, ჩვენს მოქალაქეებზე ცდებს ვატარებთ; რომ ღორის გრიპი საქართველოში შეიქმნა და რუსეთში ეპიდემიის მიზეზი ხდება; რომ ხალხი ლუგარის ცენტრის გარშემო ავადდება და კვდება უცნაური ვირუსებისგან და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა იმის მიუხედავად, რომ რუსი ჟურნალისტები სტუმრობდნენ ცენტრს და როგორც ჩვენთვის, ისე ამერიკელი კოლეგებისთვის ღიაობა ამოსავალი წერტილი იყო", - ამბობს ანა ჟვანია.
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც 2010-13 წლებში უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა, ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ამ ტიპის კამპანია აშშ-ის ნებისმიერი ინიციატივის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ხნის წინ დაიწყო და ეს ახალი ამბავი არ არის.
ბოკერიას თქმით, ბუნებრივია, რომ სოციალური ქსელების განვითარებამ რუსული რბილი ძალის ეს ინსტრუმენტები კიდევ უფრო საშიში გახადა.
ის ტაბულასთან ასეთი კამპანიების წინააღმდეგ ხელისუფლების როლზე საუბრობს და ამბობს, რომ შეთქმულების თეორიებზე პასუხების გაცემა ზოგჯერ აბსოლუტურად უმადური და, შესაძლოა, წამგებიანი საქმეც იყოს. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის შეფასებით, მთავარი პრობლემა, რაც ბოლო წლებში საქართველოში გვაქვს, ისაა, რომ ასეთი ნარატივის გამავრცელებელი წყაროების, პოლიტიკური ფიგურების, საზოგადოებრივი ჯგუფებისა, თუ მედიასუბიექტების პოლიტიკური და საზოგადოებრივი დელეგიტიმაცია არ ხდება.
"უნდა მოხდეს იმ ადამიანების ლეგიტიმური დისკრედიტაცია, ვინც ამ საზოგადოების შიგნით ასეთ ნარატივებს ამყარებს იმიტომ, რომ ისინი მუშაობენ პუტინის პროპაგანდაზე. მათ გარეშე პუტინურ პროპაგანდას გაუჭირდება.
ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ამ ტიპის ნარატივს ავრცელებენ სოციალურ ქსელებში და ვისთანაც ასოცირებულია ამ ტიპის აზროვნება, მმართველ გუნდში ან რელიგიურ ჯგუფებში არიან და მათ წინააღმდეგ არანაირი ლეგიტიმური საზოგადოებრივ-პოლიტიკური თავდასხმა არ ხდება. აქ მე არ ვგულისხმობ რეპრესიებსა, თუ მათ დაჭერას ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას - არა, საუბარია ლეგიტიმურ დისკრედიტაციაზე", - ამბობს ბოკერია.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი ტაბულასთან საუბარში განმარტავს, რომ რუსეთი არასდროს უშვებს შანსს ხელიდან, რომ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია კვლავ გაააქტიუროს. მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები იძაბება ან საქართველო მორიგ წარმატებულ ნაბიჯს დგამს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებთან დაახლოების კუთხით.
"სინამდვილეში, ლუგარის ლაბორატორია ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულებაა. ასევე, ის არის ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთერთი ნათელი მაგალითი. თუ მანამდე საქართველოს პარტნიორებისთვის უნდა მიემართა დახმარებისთვის, რაც დროში გაწელილი პროცესია, ლუგარის ლაბორატორიის გახსნის შემდეგ, ჩვენ ჩვენივე რესურსებით, მოკლე დროში, შეგვიძლია დაავადებების კვლევა. ეს წარმატება კი, რუსეთს აღიზიანებს", - ამბობს ეთო ბუზიაშვილი.