ჩრდილოეთ კორეა

ჩინეთმა ჩრდ. კორეაში კიმ ჩენ ინზე რჩევების მისაცემად სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა

კიმ ჩენ ინი
EPA

ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინზე რჩევების მისაცემად ექიმები და ოფიციალური პირები გაგზავნა. ამის შესახებ Reuters სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

დელეგაცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო სამეკავშირეო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ხელმძღვანელობით პეკინიდან ჩრდილოეთ კორეაში 23 აპრილს გაემგზავრა. 

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის 15 აპრილს ბაბუის იუბილეს არ დაესწრო. მას მსგავსი ცერემონია არასოდეს გამოუტოვებია. კიმი სახელმწიფო მედიაში ბოლოს 12 აპრილს გამოჩნდა, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავების წვრთნებს ესწრებოდა. გასულ კვირას გამართულ სარაკეტო გამოცდას ის არ დასწრებია.

პირველად ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული პირების მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე გავრცელდა. ისინი წერდნენ, რომ კიმს გულზე პრობლემები გასული წლის აგვისტოდან აქვს. მოგვიანებით კი, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამხრეთ კორეა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გულზე ჩატარებული ოპერაციის გამო, მძიმეა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ არ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ 36 წლის კიმის მდგომარეობა რთულია. ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის ჯანმრთელობის დამძიმებაზე ცნობებს სამეკავშირეო დეპარტამენტის ჩინელი მაღალჩინოსნებიც უარყოფენ.

23 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობაზე გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

24 აპრილს სამხრეთ კორეის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი ცოცხალია და სავარაუდოდ, მალე გამოჩნდება. წყაროს თქმით, მას კიმ ჩენ ინის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ან ჩინელთა ჩართულობაზე ინფორმაცია არ აქვს.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინს ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად აქვს, თუმცა არ იცის, ამჟამად მძიმედ ავად არის თუ არა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის კითხვაზე განაცხადა - "მე არაფერი მაქვს, რისი გაზიარებაც ამაღამ შემიძლია, თუმცა ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ სიტუაციას გულდასმით ვაკვირდებით". 

Reuters კიმ ჩენ ინის მდგომარეობაზე ან ადგილსამყოფელზე დამოუკიდებლად ინფორმაციას ვერ ადასტურებს. 

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა, სადაც ლიდერთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილება, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ჩრდილოეთ კორეა პრესის თავისუფლების ინდექსით ბოლო, 180-ე ადგილზეა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის მედიაში გაქრა. 2014 წელს ის ერთ თვეზე მეტ ხანს არ ჩანდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სხვადასხვა სპეკულაცია გამოწვეულია იმით, რომ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი აქტიური მწველია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან წონაში მოიმატა და ასევე, მის ოჯახს გულსისხლძარღვთა პრობლემების ისტორია აქვს.

2008 წელს, როდესაც კიმ ჩენ ინის მამას, კიმ ჩენ II-ს ინსულტი ჰქონდა, სამხრეთ კორეის მედიის ინფორმაციით, მის მკურნალობაში ჩინელი და ფრანგი ექიმები მონაწილეობდნენ. ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მთავარი მოკავშირეა. 2011 წელს, როდესაც კიმ ჩენ II გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ადგილი კიმ ჩენ ინმა დაიკავა. 2018 წლის შემდეგ ის ოთხჯერ ესტუმრა ჩინეთს. გასულ წელს ჩინეთის ლიდერი 14 წლის განმავლობაში პირველად ეწვია ჩრდილოეთ კორეას.

კომენტარები