ერთი კოვზით ზიარების წესი

დეკანოზი შალვა: სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ერთი კოვზით ზიარებას არ შევაჩერებთ

დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, სანამ საქართველო არსებობს, "ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ". ამის შესახებ მღვდელმსახურმა Facebook-ზე დაწერა და თეოლოგებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ექიმებს მოუწოდა, ზიარების საიდუმლოს "შეეშვან".

"სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ. ურწმუნოებო, მცირედმორწმუნეებო, "თეოლოგებო", ჟურნალისტებო, ექიმებო, პოლიტიკოსებო... შეეშვით ზიარების საიდუმლოს!!! სანამ უფრო დიდი სასჯელი არ დაგვატყდა თავს! ნუ გამოცდით ღმერთს!!!," - წერს დეკანოზი შალვა კეკელია. 

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო წირვა-ლოცვა არ შეაჩერა. ვირუსის შიდა გავრცელების და მკაცრი შეზღუდვების ფონზე, მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ.

გუშინ, 24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ზიარებისას გამოყენებული ერთი კოვზი ინფიცირების წყარო, უპასუხა, რომ "რა თქმა უნდა, კოვზი არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი".

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის შეფასებით კი, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და ამას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ 17 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, ზიარების კოვზი არის თუ არა ვირუსის გადამტანი, უპასუხა, რომ "ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს" და "საჭიროა კვლევის ჩატარება".

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს ქართული ოცნების უმრავლესობამ მის 22 მაისამდე გაგრძელებას დაუჭირა მხარი. დაწესებულია კომენდანტის საათი და 21:00 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა აკრძალულია. ასევე, 27 აპრილის ჩათვლით აკრძალულია მანქანების გადაადგილება. ჩაკეტილია დიდი ქალაქები - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედევს მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხში, ქობულეთის რამდენიმე და ხაშურის ერთ სოფელში. მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია 3 პირზე მეტის ერთად შეკრება. შეწყვეტილია ეკონომიკური საქმიანობა - მუშაობის გაგრძელების უფლება მხოლოდ საკვებ და სასურსათო ობიექტებს, აფთიაქებს, ბანკებს და ფოსტას აქვს. ამ მდგომარეობამ პრობლემა არაერთ ადამიანს შეუქმნა, ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე არცერთი ეს შეზღუდვა არ გავრცელებულა. კომენდანტის საათის მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. არაერთ ეკლესიაში დაირღვა ორმეტრიანი სოციალური დისტანცია.

კომენტარები