კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ბათუმში ოზონოთერაპიით ოთხიდან სამ პაციენტს მე-7 და მე-9 დღეს ვირუსი გაუქრა

თენგიზ ცერცვაძე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დასრულდა იმ ექიმების შეხვედრა, ვინც აქტიურადაა ჩართული ახალი კორონავირუსთან გამკლავებაში.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეხვედრაზე პირველად შედეგებზე, ვირუსთან ბრძოლის გამოცდილებებზე, გამოწვევებსა და სამკურნალო მედიკამენტებზეც ისაუბრეს.

"იყო საუბარი ბოლო დროს პოპულარულ პლაქვენილზე, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედიოდა, შედის და რჩება. ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს", - თქვა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ საქართველოს ცალკეული კლინიკების ზოგიერთ ახალ მიდგომაზეც ისაუბრეს, მათ შორის - ოზონოთერაპიაზე.

"იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, რომლებმაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით ძალიან წარმატებით. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, ჩვენ პაციენტებს უკეთეს შემთხვევაში ვირუსი უქრებოდათ მე-13, მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება სულაც ორი თვის შემდეგ. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში, სპეციალური მეთოდით", - თქვა ცერცვაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 456 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 139, გარდაიცვალა - 5 პაციენტი.

კომენტარები