საგანგებო მდგომარეობა

კახიძე ფარცხალაძეზე: ვისი ბრძანებით დაუმზადდა საშვი - ვითხოვ განმარტებებს მთავრობისგან

ტაბულა/პირველი არხი

ოთო კახიძე მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს იმის თაობაზე, თუ რატომ გაიცა საშვი ყოფილ მთავარ პროკურორის ოთარ ფარცხლაძის სახელზე და ვინ გასცა ამის ბრძანება - საგანგებო მდგომარეობის პირობებში მანქანის გამოყენებას სპეციალური ნებართვა სჭირდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ან სხვა შესაბამისი უწყება გასცემს.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან მაშინ, როცა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მანქანებით გადაადგილება მოქალაქეების მცირე ნაწილისთვის არის დასაშვები. 

კახიძის შეფასებით, ოთარ ფარცხალაძე "ქართული ოცნების რეჟიმის სახეა".

"ის არ ისჯება დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, იქნება ეს ვინმეს ციხიდან გაყვანა თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელის ცემა და ახლა, როგორც ჩანს, საშვიც დაუმზადეს. ძალიან საინტერესოა, რომელ უწყებას ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს ბატონი ფარცხალაძე, რა გადაუდებელი ინტერესი იყო, რომ მისთვის გამონაკლისი იქნა დაშვებული და ვისი ბრძანებით მოხდა ეს. ვითხოვ განმარტებებს მთავრობისგან", - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი.

ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ქუჩებში მანქანით გადაადგილდება, ენმ-ის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა გადაიღო.

ფარცხალაძე ამ ეტაპზე თანამდებობას არც ერთ საჯარო უწყებაში იკავებს.

საქართველოს მთავრობაში ჯერჯერობით არ პასუხობენ ტაბულას კითხვას, რა ნიშნით გაიცა საშვი ყოფილ მთავარ პროკურორზე.

ოთარ ფარცახლაძე 2013 წელს საქართველოს მთავარი პროკურორი იყო, სწორედ მის სახელს უკავშირდება საკნიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანა.

ფარცხალაძე ფიგურირებს სპორტისა და ახალგაზრობის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ფიზიკური შეურაცხყოფის და აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის საქმეებში.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს ის ქართული ოცნების უმრავლესობამ 22 მაისამდე გაახანგრძლივა. 26 აპრილის ჩათვლით აკრძალულია მანქანების გადაადგილება, გარდა სადისტრიბუციო, სატვირთო, სასწრაფო დახმარების და მედიის მანქანებისა. ყველა, ვინც მანქანით გადაადგილდება, სპეციალური საშვი აქვს. საშვის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს მანქანით გადაადგილების შეზღუდვა მრავალ პრობლემას უქმნის.

კომენტარები