კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გეგმაშია, იქითა კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ, მაისში, შეიძლება, 2000-ზე

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ერთი კვირაა, საქართველოში კორონავირუსის ტესტირება ფართოვდება. როგორც მან ინტერპრესნიუსს უთხრა, გეგმაში აქვთ, რომ მომავალი კვირის ბოლოს დღეში 1 500 ტესტი ჩატარდეს, მაისის შუა რიცხვებში კი, შესაძლოა, 2 000.   

გამყრელიძის განმარტებით, ტესტირება დღეს 10 ლაბორატორიაში ტარდება. მისივე თქმით,  გუშინ, 24 აპრილს, კორონავირუსზე 920 გამოკვლევა ჩატარდა. 

"იმის წინა დღეს 750-800-მდე იყო, იმის წინა დღეს - 700, ანუ ბოლო ერთი კვირაა, PCR ტექნოლოგიებით გამოკვლევა ფართოვდება. განსაკუთრებული აქცენტი მაღალი რისკის ჯგუფზე - ჩემ კოლეგებზე გავაკეთეთ, რადგან 30-მდე სამედიცინო პერსონალი დაგვიზიანდა", - ამბობს გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

მისი თქმით, არასწორია მოსაზრება, რომ საქართველოს ინფიცირების დაბალი მაჩვენებლები ტესტირების არასათანადო რაოდენობით ჩატარების გამო აქვს. გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განსაზღვრებებს მიჰყვება და მხოლოდ მიზანდასახულად ტესტავს ჯგუფებს.

"წარმატებული ქვეყნები, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიაა, ეყრდნობიან ე.წ. ოქროს სტანდარტს, ანუ PCR ტესტირებას, თუმცა, ჩვენი ალგორითმის მიხედვით, საჭიროა, იყოს როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებიც, მაგრამ გადამოწმება ყოველთვის ამ PCR ტექნოლოგიებით ხდება. ჩვენ ქვეყანაში ყველა შესაძლო შემთხვევა იტესტება და იტესტებოდა PCR ტექნოლოგიებით.

სიტყვა აგრესიულს არ ვიყენებ, გაფართოეულ ტესტირებას ვამბობ - რეკომენდაციაა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც გარკვეულწილად მოჭერით, საკარანტინო ღონისძიებებს არბილებს და იცით, რომ ეს საქართველომაც დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურად ორი მიმართულება იყოს. ერთი - PCR ტექნოლოგიებით ტესტირება გაფართოვდეს, ანუ მეტი მოსახლეობა მოვიცვათ და მეტი ე.წ. შესაძლო შემთხვევები, მეტი რისკჯგუფები გამოვავლინოთ და მეორე, ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაში იყოს, რომ ყველა გამოვლენილ შემთხვევას დროულად უმკურნალონ", - ამბობს გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.  

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რომ ეს აგრესიული ტესტირების შედეგია. 

"ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება", - თქვა ეზუგბაიამ.  

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 9 699 PCR ტესტია ჩატარებული, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე 2 431-ია. შედარებისთვის, სომხეთში ეს რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე - 5 852-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, PCR კვლევების გარდა, საქართველოში კლინიკებმა უკვე ჩაატარეს "2-3-4 000 სწრაფი ტესტი". 

საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 139, გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კომენტარები