ბელარუსი

ლუკაშენკო COVID 19-ზე: ღმერთმა დაინახა, როგორ დაუდევრად ვექცევით ეკოლოგიას და თავში ჩაგვარტყა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ახალი კორონავირუსი ღვთისგან მოვლენილი სასჯელია იმის გამო, რომ ადამიანები არასათანადო ცხოვრების წესს მისდევდნენ და ეკოლოგიას არ უფრთხილდებოდნენ.

ამის შესახებ მან 25 აპრილს, ე.წ შაბათობაზე ისაუბრა, რომელიც, მიუხედავად ვირუსის გავრცელებისა, პრიპიატსკის ეროვნულ პარკში მაინც ჩატარდა. ლუკაშენკომ ხეების დარგვაში მიიღო მონაწილეობა. 

"ერთხელ ვთქვი, ღმერთმა დაინახა, რომ ასე დაუდევრად ვექცევით ეკოლოგიას და ჩვენი ცხოვრების წესი სრულიად შეუსაბამოა იმ კრიტერიუმებთან, რაც უნდა იყოს დაცული. აი, ამის გამო თავში ჩაგვარტყა. ამიტომ, ამ ნაბიჯით ვცდილობთ დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი ახლობლები", - თქვა ლუკაშენკომ და აღნიშნა, კორონავირუსის შიშით ქვეყანაში არსებული ტრადიციების გაუქმებას არ აპირებს. 

25 აპრილის მონაცემებით, ბელარუსში ინფიცირების 817 შემთხვევა გამოვლინდა, ფატალურად კი 4 შემთხვევა დასრულდა. ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულია 9 590 ადამიანი, გარდაიცავალა 67.

კომენტარები