კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: Covid 19-ზე ტესტები ჩატარდება ისე, როგორც გადაწყვეტს გუნდი, რომელიც მართავს სიტუაციას

0 კომენტარი

"ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, FB LIVE-ში თქვა. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ხდება "ყველა პაციენტის ტესტირება, რომელიც არის სიცხიანი და რომელიც არის პნევმონიიანი". იმნაძე ამბობს, რომ როცა ეპიდემიოლოგიურად საჭიროდ და "რეალურად შედეგის მომცემად" ჩაითვლება, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების თანამშრომლებსაც გამოიკვლევენ კორონავირუსზე,

კითხვაზე, მაშინ როცა სომხეთის მოსახლეობა ნაკლებია და მაინც საქართველოზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ტესტი, იმნაძე პასუხობს - "ვინც ამას ეცნობით ხოლმე, ისიც ნახეთ, მასობრივს რომ ეძახიან, მოსახლეობის რამდენი პროცენტია მოცული, გინდა იყოს ისლანდია და გინდა იყოს გრენლანდია. აღარაფერს ვამბობ ევროპის და აშშ-ის შესახებ, სადაც არათუ მსუბუქ პაციენტებს, საავადმყოფოებშიც კი კატეგორიებადაა დაყოფილი, ვის უტარდება ტესტირება".

პაატა იმნაძის თქმით, "ჯერჯერობით, მე მგონი, საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით დაღუპული არ არის, საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი ავად არ არის, ის, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსეული არ არის. თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით, მაგრამ არა მგონია".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ "რასაც ამ ეტაპამდე მივაღწიეთ, მივაღწიეთ ამ დაგეგმილი სტრატეგიით". მისი თქმით, ტესტირებასთან დაკავშირებით "ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტირებულები". მისივე თქმით, "არ ვიცი, საიდან მოიტანეს", რომ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ჩატარებულ ტესტებს 50%-იანი მგრძნობელობა აქვს.

"ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნებოდა პაციენტებით, საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევდა პნევმონიიან ავადმყოფებს. კარგი, ზოგიერთმა არ იცის ეს, მაგრამ ვინც იცის, იმან მაინც ხომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ რამდენიმე თვე გვქონდა ქვეყანაში ზედამხედველობის მეთოდი, რომელიც მუდმივად ტარდება ტარდება ქვეყანაში გრიპისმაგვარი დაავადებებისთვის და რომელიც იტესტება ზამთრიდან მოყოლებული 22 სხვადასხვა ვირუსზე, მათ შორის, გრიპის ვირუსზე, პლუს, კორონავირუსები. არც ერთ ამ ადგილას კორონავირუსი არ გამოჩენილა.

ამას ემატება სხვა ინდიკატორები, რაც შეეხება პნევმონიებს, მძიმე მწვავე რესპირაციულ სინდრომებს ქვეყანაში ანუ არც ერთი მაჩვენებლით, დღეს ჩვენ ქვეყანაში ფართო გავრცელება არ გვაქვს. 

კიდევ ერთხელ - ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, ვისაც იმედები გავუცრუეთ და არ არის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია, ჯერჯერობით" - თქვა იმნაძემ FB LIVE-ში.

24 აპრილის ჩათვლით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტი 10 177 ადამიანს ჩაუტარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, PCR კვლევების გარდა, საქართველოში კლინიკებმა უკვე ჩაატარეს "2-3-4 000 სწრაფი ტესტი". მისივე ინფორმაციით, ერთი კვირაა, საქართველოში კორონავირუსის ტესტირება ფართოვდება და გეგმაში აქვთ, რომ მომავალი კვირის ბოლოს დღეში 1 500 ტესტი ჩატარდეს, მაისის შუა რიცხვებში კი, შესაძლოა, 2 000.   

საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 139, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები