კორონავირუსი საქართველოში

წერეთელი: ტესტირებაზე განცხადებები იწვევს ეჭვს, რომ სტატისტიკა რეალობისგან განსხვავდება

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი წერეთელი ტესტირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ აქტიურ ტესტირებასთან დაკავშირებით გაუგებრობები არ დასრულდა. 

"უკვე მოვისმინეთ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა იმიტომაა, რომ მეტი ტესტირება ტარდება და თუ ასე აღარ იქნება, აღარც ციფრები გაგვეზრდება... არ მგონია, რამე აღმოჩენა იყოს ეს, მაგრამ ტესტირება ხომ იმიტომ გვჭირდება, რომ მეტი გამოვავლინოთ, დროზე ვიმოქმედოთ და საფრთხე შევამციროთ",- წერს გიგი წერეთელი. 

დეპუტატის განცხადებით, საბედნიეროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა მისივე თქმით, არც მასობრივი ტესტირება გვაქვს და ამ ნაწილში არათუ ევროპას, არამედ ჩვენს რეგიონშიც ყველას ჩამოვრჩებით. 

"ამიტომ, სანამ ასეთი განცხადებები გაკეთდება, ბუნებრივად იქნება ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდება სტატისტიკის შელამაზება და რეალობა კი განსხვავებულია", - წერს წერეთელი. 

დეპუტატისვე შეფასებით, გასაგებია, რომ ჯანდაცვის სისტემას სიმპტომებიანი პაციენტები ნაკლებად გაეპარება, მაგრამ რაც შეეხება უსიმპტომო ინფიცირებულებს, მხოლოდ მიზნობრივი, ლიმიტირებული ტესტირების პირობებში, დიდი ალბათობით, მათი რიცხვი ვერ დადგინდება და დაავადების გავრცელებას გაზრდის. 

"არც ისაა არგუმენტი, რომ "ყველას მაინც ვერ გავტესტავთ". რაც მეტს შევძლებთ, მით უკეთესი, უკეთ გვეცოდინება გავრცელებაც, კარანტინში თუ იზოლაციაშიც ნაკლებად გაიტანჯებიან ადამიანები და ეკონომიკაც უფრო სწრაფად ამოქმედდება. მითუმეტეს, ამ "დახმარების პროგრამით", რაც მთავრობამ გამოაცხადა, სახლში დარჩენილი ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ", - წერს დეპუტატი. 

25 აპრილს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, თქვა, რომ ბოლო 24 საათში გამოვლენილი 25 შემთხვევა აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება და იქვე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში კვლევები აგრესიული ტესტირების გარეშე ჩატარდება და ასეთი შედეგი აღარ განმეორდება. 

ეზუგბაიას ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა, რასაც მოგვიანებით ინფექციური საავადმყოფოს დირექტური თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ "დიდი ალბათობით, [ეზუგბაიამ] იგულისხმა, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებასდა თუ ეპიდემია წავიდა დაღმავალი გზით, როგორც ეს ხდება გრიპის დროს, მაშინ აღარც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება". 

დღეს, 26 აპრილს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ თქვა, რომ "კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა" და მის განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის მოქმედი პროტოკოლის მიხედვით, ქვეყანაში აგრესიული ტესტირება ჯერჯერობით არ დაწყებულა. 

კომენტარები