რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

ეპისკოპოსი ბენიამინი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ბენიამინ კაროლიოვი ახალი კორონავირუსის ინფექციისგან გარდაიცვალა. ეპისკოპოსი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს შორის პირველია, ვინც ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. 

ჟელეზნოგორსკისა და ლგოვსკის ეპარქიის ეპისკოპოსი 54 წლის იყო. რუსული გამოცემის Ахилла ცნობით, ეპისკოპოსმა ბოლოს წირვა 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე აღასრულა. გამოცემისვე ინფორმაციით, ეპარქიაში, მინიმუმ, ორი ღვთისმსახურია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული. 18 აპრილს კი ადგილობრივი ეპარქიის პროტოდიაკონის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 

რადიო თავისუფლების რუსული ოფისის ცნობით, ამ დროისთვის რუსეთში უკვე არაერთი მღვდელი, თუ მღვდელმთავარია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული. 

21 აპრილს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ალექსანდრ აგეიკინი სწორედ ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის პანდემიის გამო ეკლესიების დახურვას ეწინააღმდეგებოდა. 

რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 80 949 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც მათივე ცნობით, 747 ადამიანი გარდაიცვალა, 6 767 კი გამოჯანმრთელდა, თუმცა ადგილობრივი აქტივისტებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, რუსეთის ხელისუფლება ინფიცირებულების რეალურ რიცხვს მალავს და მათ ნაწილს პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობს. 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთერთია იმ 12 მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიიდან, რომელმაც ღვთისმსახურების ერისკაცთა გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. დახურვამდე კი, ეკლესიამ ნაწილობრივ შეცვალა ზიარების წესი და თითოეული მორწმუნის ზიარების შემდეგ, კოვზს სპირტიანი ბამბით წმენდნენ. 

კომენტარები