ჩინეთის ხელისუფლება: ვუხანის საავადმყოფოებიდან კორონავირუსის მქონე ყველა პაციენტი გაეწერა

26 აპრილის მდგომარეობით, ქალაქ ვუხანის საავადმყოფოებიდან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტი გაეწერა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენყო Xinhua ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალურ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ჯანდაცვის კომისიის წარმომადგენლის, მი ფენგის ცნობით, ამ დროისთვის ვუხანის საავადმყოფოებიდან ახალი კორონავირუსის მქონე უკლებლივ ყველა პაციენტი სახლში გაეწერა. 

ახალი კორონავირუსის პანდემია სწორედ ვუხანიდან დაიწყო. ქალაქში ორთთვიანი სრული კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გავრცელებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ქალაქ ვუხანზე მოდის. 

თავდაპირველად, ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ახალი კორონავირუსით ქალაქში 2579 პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა აპრილში მონაცემებში ცვლილება შევიდა და ქალაქში გარდაცვლილთა რაოდენობა ერთდროულად 1290-ით გაიზარდა. 

წინა პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული მონაცემები სანდო არ არის და რეალური მაჩვენებლები გამოქვეყნებულს ბევრად აღემატება. 

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 83,909 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4,636 პაციენტი.

 

კომენტარები