ოზონოთერაპია

რა არის ოზონოთერაპია და გამოიყენება თუ არა COVID-19-ის სამკურნალოდ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, 25 აპრილს მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ბათუმში 4 პაციენტიდან 3 პაციენტს, ოზონოთერაპიის მკურნალობის შედეგად, ახალი კორონავირუსი მე-7 და მე-9 დღეს გაუქრათ.

საუბარია ბათუმის კლინიკა "მედალფაზე", სადაც პაციენტებს ოზონოთერაპიის კურსებს თბილისიდან მიწვეული ექიმი, ლადო თალაკვაძე, უტარებს.

ოზონოთერაპია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც გულისხმობს ოზონის აირის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში, სხვადასხვა, მათ შორის, ვირუსისა და ბაქტერიების მოკვლის მიზნით. მეთოდის უსაფრთხოებასთან და მის კორონავირუსის სამკურნალო მეთოდად გამოყენებასთან დაკავშირებით სამეცნიერო წრეებში კონსენსუსი არ არსებობს.

ტაბულა დეტალების დასაზუსტებლად კლინიკა "მედალფას" კლინიკურ დირექტორს, ალექსანდრე გოხელაშვილს, ესაუბრა. ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვის შესახებ ქართული პროტოკოლი მკურნალობის ამ მეთოდს არ მოიცავს. ალექსანდრე გოხელაშვილი ამბობს, რომ ისინი ყველა პაციენტს სტანდარტის მიხედვით მკურნალობენ:

"არის სტანდარტი და გაიდლაინის მიხედვით მიმდინარეობდა მათი მკურნალობა. ეს იყო მხოლოდ დამატებითი თერაპია". 

ჩვენ მას ვკითხეთ, რა გამოცდილებებზე დაყრდნობით გადაწყვიტეს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ოზონოთერაპიით მკურნალობა, რაზეც ალექსანდრე გოხელაშვილმა იტალიის, ესპანეთისა და ჩინეთის რამდენიმე შემთხვევა მოიშველია.

"პირველი მონაცემები, რაც დაიდო, იყო უდინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის. იქ გამოიყენეს 36 პაციენტზე და მხოლოდ 1 პაციენტს დასჭირდა ხელოვნურ ვინტილაციაზე გადაყვანა. საკონტროლო ჯგუფში 15% იყო დაინტუბირებული და ოზონოთერაპიის ჯგუფში იყო მხოლოდ 1, ანუ 3% დაინტუბირებული. ეს ნიშნავს, რომ [ოზონოთერაპიამ] 5-ჯერ შეამცირა ინტუბაციის რიცხვი. რეალურად გამოდის, რომ ვირიდებთ ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანას.

ჩინეთის 4 დიდ საავადმყოფოში, კერძოდ უხანში დაიწყეს გამოყენება და ალბათ, მონაცემები გროვდება და მუშავდება. იტალიის 17 საავადმყოფოში, საუნივერსიტეტო ცენტრშიც დაიწყეს გამოყენება და მონაცემები გროვდება. 

ესპანეთში დაიწყეს აქტიურად ხმარება, ალბათ, მაისის შუა რიცხვებისთვის იქნება მონაცემები და საკმაო სარწმუნოება, რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი, როგორც დამხმარე საშუალება".

ტაბულა ესაუბარა კლინიკა "მედალფას" აჭარა-გურიის რეგიონალურ დირექტორს, ლევან ანთაძესაც.

"[ოზონოთერაპიის ეფექტურობის] სამეცნიერო დასკვნა ნამდვილად არ არსებობს და პროტოკოლის სახით ეს არ არის, მაგრამ ბევრი ქვეყანა იყენებს ამ მეთოდს, ბევრი ქვეყანა აღიარებს, ბევრი არ აღიარებს. 

მაგალითად, ჩვენ გვეწვა პაციენტი, რომლის დედა ლონდონში მკურნალობდა და იქ გამოიყენეს, თვითონ დაინტერესდა ის პაციენტი, რამდენად შეიძლებოდა ამის გამოყენება, ანუ, ინგლისში მკურნალობის დროს გამოიყენეს, ამერიკაში, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ფართოდ გამოიყენება".

ჩვენ დავუკავშირდით სხვა ქართველ ექიმებს და ვკითხეთ, რამდენად შეიძლება განვიხილოთ ოზონოთერაპია, როგორც კორონავირუსის მკურნალობის მეთოდი.

ვახტანგ კალოიანი - ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი.

"ოზონოთერაპია არ არის დადასტურებული არც ერთ კვლევით შრომაში, მეც პირველად გავიგე ეს ინფორმაცია. არც ერთ ლიტერატურაში, არც ერთ წყაროში არსად არ შემხვედრია. ავტორიტეტული გამოცემები, პროფესიული საზოგადოებები, მსოფლიოს წამყვანი კლინიკები, სადაც დიდი რაოდენობით არიან პაციენტები, იქ არაფერ მსგავსზე ლაპარაკი არ არის".

ბიძინა კულუმბეგოვი - ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგ-იმუნოლოგი

"უცხოეთის პრაქტიკა ოზონოთერაპიაზე არ შემხვედრია. თბილისში 130 ადამიანი არის განკურნებული და არავის ოზონოთერაპია არ ჩატარებია. ეს არაფერს არ ნიშნავს. შეიძლება, მე გამათბობელი ჩავრთო ოთახში და დავამტკიცო, რომ მე-7 დღეს ამან გააქრო ვირუსი. აბსოლუტურად ამის ტოლფასია ჩემთვის. მე არასდროს არსად შემხვედრია, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ეს გამოიყენებოდეს".

ზაზა თელია - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი

"დღეის მონაცემებით, ყველაზე სარწმუნო კვლევები მიმდინარეობს სხვადასხვა მკურნალობის მეთოდეზე, მაგალითად, პლაქვენილსა და რემდესივირზე. ოზონოთერაპიას რაც შეეხება, ძალიან დაბალ საფეხურზე დგას და მისი პერსპექტივები არ განიხილება. დიდი ალბათობით, ვერც ექნება ვერანაირი მომავალი ახალ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.

მედიცინის "ნოუ ჰაუები" და მიდგომები მოდის პირველ და მეორე ადგილზე მყოფი ქვეყნებიდან, ვგულისხმობ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს. ჩვენ, თუ COVID-19-ის სამკურნალოდ ველოდებით რამეს, აი, მაგალითად ვაქცინასაც, ჩვენი მიმართულება აშშ და დიდი ბრიტანეთია, სხვა ქვეყნების მონაცემებს ძალიან სკეპტიკურად უნდა შევხედოთ. მათ შორის საქართველოსიც. იმიტომ, რომ საქართველო არ არის გამორჩეული მეცნიერებით და არც იყო არასდროს".

საგულისხმოა ისიც, რომ ამერიკის წამლებისა და სურსათის სააგენტოს მიხედვით, ოზონის სამკურნალოდ გამოყენება რეკომენდირებული არაა:

"ოზონი არის ტოქსიკური აირი, რომლის სასარგებლო სამედიცინო გამოყენებას არ ვიცნობთ სპეციფიკურ, დამხმარე ან პრევენციულ თერაპიაში"

ამერიკის შტატ ტექსასში, დალასში, ერთ-ერთმა ცენტრმა მომხმარებლებს ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის ოზონოთერაპია შესთავაზა. სასამართლომ ცენტრს აუკრძალა ოზონოთერაპიის, როგორც კორონავირუსის მკურნალობის შეთავაზება.

“წამლებისა და სურსათის სააგენტო გააგრძელებს თავის ძალისხმევას, რომ ის, ვინც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მაღლა მოგებას აყენებს პანდემიის დროს, შეაჩერონ”, - თქვა სააგენტოს წარმომადგენელმა სტეისი ეიმინმა, “ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან, რომ შესაბამისად ვირეაგიროთ ამერიკელების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნაზე მკურნალობის დაუმტკიცებელი მეთოდებით”.