კორონავირუსი იტალიაში

იტალია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

0 კომენტარი
ფოტო: FT

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯუზეპე კონტეს თქმით, იტალიაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც უკვე 7 კვირაა ძალაშია, 4 მაისიდან შემსუბუქდება. 

მისივე თქმით, ხალხს საშუალება ექნება, ესტუმრონ თავიანთ ნათესავებს, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. 

გაიხსნება პარკები, ქარხნები, სამშენებლო უბნები. სკოლები კი ფუნქციონირებას სექტემბრიდან შეუდგებიან. 

იტალიაში მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქება განაპირობა იმან, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 260 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალია.

იტალიის პრემიერმინისტრმა ტელევიზიით საუბრისას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების "მეორე ფაზა" წარადგინა:

  • ხალხს საშუალება ექნება, გადაადგილდნენ თავიანთ რეგიონებში - მაგრამ არა სხვადასხვა რეგიონებს შორის.

  • დაკრძალვის ცერემონიები განახლდება, თუმცა დაშვებული იქნება მხოლოდ 15 ადამიანი. ცერემონიები ღია ცის ქვეშ ჩატარდება.

  • ინდივიდუალურ სპორტსმენებს შეუძლიათ განაახლონ ვარჯიშები, ხოლო ადამიანებს შეუძლიათ, სპორტით დაკავდნენ არა მხოლოდ საკუთარი სახლების მახლობლად, არამედ უფრო ფართო ადგილებში.

  • ბარები და რესტორნები მუშაობას 4 მაისიდან განაახლებენ. ამჯერად, შესაძლებელი იქნება არამხოლოდ სახლიდან შეკვეთა, არამედ ადგილზე შეძენა, თუმცა საკვები აუცილებლად სახლში ან ოფისში უნდა მიირთვან. 

  • სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები, სავარაუდოდ, 1 ივნისიდან გაიხსნება.

  • საცალო მაღაზიები, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებთან ერთად, 18 მაისს გაიხსნება.

  • სპორტული გუნდები ჯგუფური ვარჯიშების ჩატარებას 18 მაისიდან შეძლებენ.

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატების განახლების შესახებ, თუნდაც დახურულ კარს მიღმა, ჯერ-ჯერობით განცხადებები არ გაკეთებულა. 

იტალიის პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოციალური დისტანცირების ზომები თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ასევე აღნიშნა, რომ საეკლესიო მსახურება აკრძალული დარჩება. მან ხალხს მოუწოდა, ერთმანეთისგან 3 მეტრის დისტანცია დაიცვან. 

იტალია კორონავირუსით ინფიცირებულთა დადსტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ყველაზე მეტი, 970 757 შემთხვევა აშშ-შია გამოვლენილი. ესპანეთში დადასტურებულია ინფიცირების 226 629 შემთხვევა. გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობით იტალიას მხოლოდ აშშ უსწრებს - აქ კორონავირუსს 54 941 პაციენტი ემსხვერპლა. 

იტალიაში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საყოველთაო კარანტინი 3 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებენ. 14 აპრილიდან გაიხსნა წიგნების, ბავშვების ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები