ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა

business.inquirer.net

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ზრდის პროგნოზი სტაბილურიდან უარყოფითამდე შეამცირა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებულ პროგნოზშია საუბარი. უცვლელი დარჩა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია და იგი კვლავ BB-ის დონეს ინარჩუნებს.

ორგანიზაციის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 4,8%-ით შემცირდება, ყველაზე მძიმე დარტყმა კი ტურიზმის სექტორს მიადგება. უკვე 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა განახლდება - ორგანიზაცია 4,3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა ნათქვამია, რომ პროგნოზი პანდემიის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული. 

თუ ქვეყანაში კორონავირუსის ხელახალი ტალღა დაიწყება, რასაც ახალი შემზღუდავი ზომები მოყვება, ეს მნიშვნელოვნად გააუარესებს მომავალი წლის პროგნოზს. პროგნოზით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის დეფიციტი 8,6%-მდე გაიზრდება. შედარებისთვის, წინა წელს იგივე მაჩვენებელი 2%-ს არ აღემატებოდა. 2021 წელს სააგენტო დეფიციტის 5%-მდე შემცირებას ვარაუდობს. 

სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს თითქმის 20%-ით გაიზრდება საქართველოს საგარეო ვალიც და მშპ-ს 59%-ს გაუტოლდება. ხოლო 2021 წელს მაჩვენებელი 56%-მდე შემცირდება. 

ორგანიზაციის განახლებულ პროგნოზში საუბარია არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაზეც:

"ცოტა ხნის წინ მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ, გარკვეულ დონემდე შამცირა პოლიტიკური დაძაბულობა, თუმცა ეს ცვლილელები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, არსებობს რისკი, რომ პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო ცვლილება დროში გაიწელოს", - ნათქვამია საკრედიტო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზში. 

გასულ თვეში საკრედიტო საგენტომ სტაბილურიდან ნეგატიურამდე უკვე შეამცირა ქართული ბანკების პროგნოზი.

კომენტარები