კორონავირუსი საქართველოში

ბაქრაძე: მთავრობა ვერ აცნობიერებს ან არ არის მზად, ადეკვატურად უპასუხოს ეკონომიკურ კრიზისს

ტვ პირველი

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ეხმაურება პრემიერმინისტრის მრჩეველს, ირაკლი ჩიქოვანს, რომელმაც თქვა, რომ სოციალური და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დარგობრივი სამინისტროები მიმდინარე კვირაში პრეზენტაციებს გამართავენ იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ან კომპანიებმა დახმარებებისა და შეღავათების მისაღებად. 

ბაქრაძის შეფასებით, ქართული ოცნება კვლავ ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში და რამდენად სასწრაფოა ეკონომიკის გადარჩენის გეგმის წარდგენა და განხორციელება. 

"ერთი მხრივ, გეგმა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, სრულიად არასაკმარისია მოსახლეობის დახმარების და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისთვის, მაგრამ ეს არასაკმარისი გეგმაც კი არ სრულდება და ახლა გვესმის, რომ თურმე მომავალი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პრეზენეტაციები", - ამბობს ბაქრაძე. 

დეპუტატის თქმით, მოსახლეობამ ისიც კი არ იცის, ამ პრეზენტაციების გამართვიდან გეგმის განხორციელებამდე რა პერიოდი იქნება. მისივე შეფასებით, კარგად ჩანს, რომ "ეს არასრულყოფილი გეგმაც კი" ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზეა და ძალიან დიდი დრო გავა იქამდე, სანამ გაჭირვებული ადამიანი თუნდაც ელემენტარულ დახმარებას მიიღებს. 

"ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს ან არ არის მზად, ადეკვატურად უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევას, რომელიც კრიზისმა შექმნა ქვეყანაში და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი - ჯერჯერობით ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფურცელზე, ვინაიდან არ არსებობს მთავარი, არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტი", - ამბობს ბაქრაძე. 

დეპუტატის თქმით, პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმიდან გასაგები გახდა, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მხოლოდ 300 000 000 ლარით შემცირდება. ბაქრაძის შეფასებით, ხელისუფლება არ აპირებს, რომ თანხა მოაკლოს თავის ფუფუნებას, ან უამრავ უაზრო პროექტს, რომელიც ქვეყანაშია დაგეგმილი. 

"ამიტომ, ბიუჯეტში ცვლილებების არარსებობა და კრიზისული ბიუჯეტის მოუმზადებლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ჯერჯერობით ყველაფერი აქვს მხოლოდ ქაღალდზე და ეკონომიკურ ნაწილში არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება", - ამბობს დავით ბაქრაძე. 

ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის სამართავად მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებიდან 2 დღის შემდეგ წარადგინა. 

გეგმის ჯამური ღირებულება 3.5 მილიარდ ლარს აღწევს. კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე ერთი თვით ადრე, 26 მარტს ანტიკრიზისული გეგმა ევროპულმა საქართველომაც წარადგინა. 

კომენტარები