სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების მრჩეველი: კიმ ჩენ ინი ცოცხალია და კარგადაა

Reuters

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის სპეციალურმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, მუნ ჩუნ-ინმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ცოცხალია და კარგადაა:

"ჩვენი მთავრობის პოზიცია მყარია. კიმ ჩენ ინი ცოცხალია და კარგადაა."

მან თქვა, რომ 13 აპრილიდან კიმი საკურორტო ქალაქ ვონსანში იმყოფება.

"ჯერ-ჯერობით საეჭვო გადაადგილება არ დაგვიფიქსირებია." თქვა მან.

მსგავის განცხადება გამოაქვეყნა გასულ კვირას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის შიგნის საეჭვო გადაადგილება არ შეინიშნება.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის 15 აპრილს მისი ბაბუის იუბილეს არ დაესწრო. მას მსგავსი ცერემონია არასოდეს გამოუტოვებია. კიმი სახელმწიფო მედიაში ბოლოს 12 აპრილს გამოჩნდა, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავების წვრთნებს ესწრებოდა. გასულ კვირას გამართულ სარაკეტო გამოცდას ის არ დასწრებია.

25 აპრილს მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოტოვა, რომელიც ქვეყნის სამხედრო ძალების ჩამოყალიბებას ეძღვნებოდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა.

პირველად ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული პირების მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე გავრცელდა. ისინი წერდნენ, რომ კიმს გულზე პრობლემები გასული წლის აგვისტოდან აქვს. მოგვიანებით კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. CNN იტყობინებოდა, რომ აშშ მისი მდგომარეობის შესახებ ცნობებს შეისწავლიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამის თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს და კიმს წარმატებები უსურვა.

სპეციალური მატარებელი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ეკუთვნის, ქალაქ ვონსანის სადგურში გადაიღეს. სატელიტური სურათები ვაშინგტონში არსებულმა ჩრდილოეთ კორეის მონიტორინგის პროექტმა განიხილა. მათი თქმით, ამ სადგურით მხოლოდ კიმის ოჯახი სარგებლობს. თუმცა, ჯერჯერობით დაუდასტურებელია, ეკუთვნის, თუ არა მატარებელი ქვეყნის ლიდერს და იმყოფებოდა თუ არა ის ვონსანში.

არსებობს ვარაუდი, რომ კიმი ელიტარულ კურორტზე კორონავირუსისგან თავის არიდებას ცდილობს. მიუხედავად მისი მხრიდან ქვეყანაში ვირუსის გავრცელების უარყოფისა, სამხრეთ კორეული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქვეყანაში, მათ შორის სამხედრო ძალებში, ვირუსით დაავადების ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა.

კიმს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავს. მისი შემცვლელი შესაძლოა მისი და, კიმ იო-ჯონგი, გახდეს. კიმის გარდაცვლებაზე სპეკულაციას ისიც ამძაფრებს, რომ კიმმა ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ წონაში მოიმატა, აქტიური მწეველია და მის ოჯახში კარდიოვასკულარული პრობლემების ისტორია აქვთ.

კომენტარები