კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: ევროპა ეპიდემიის სხვა ეტაპზეა, ინფიცირებულთა ასაკობრივ ჯგუფებს ვერ შევადარებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი პასუხობს კითხვას, თუ რატომ არიან საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულები, ძირითადად, 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში ეს ჯგუფი 50 წელს ზემოთაა. 

ზახაშვილის თქმით, ევროპისგან განსხვავებით, საქართველო ეპიდემიის გავრცელების ჯერ კიდევ სხვა ეტაპზეა და, შესაბამისად, ასეთი პირდაპირი შედარებისგან ჯერჯერობით თავი უნდა შევიკავოთ. 

ზახაშვილი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით რომელი ასაკობრივი კატეგორია უფრო მეტად დაზარალდება ამ პანდემიით და იქნება, თუ არა განსხვავებები კონტინენტებზე, ქვეყნებს შორის, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის და ა.შ., მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

"დღეს რაც ჩვენ გვაქვს სახეზე, ეს არის პირველი ასეული შემთხვევა, რომელიც უმთავრესად უკავშირდებოდა ვირუსის შემოტანას ქვეყანაში საზღვარგარეთიდან და, შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებიც ზამთრის თვეებში სამოგზაუროდ იყვნენ ევროპაში. მათ შორის დიდი რაოდენობით იყვნენ ახალგაზრდები, რადგან ჩვენთან ტრადიციულად ასეთ მოგზაურობებში უფრო მეტად ახალგაზრდები მიდიან, ისინი მოგზაურობენ, მაღალ ასაკში ასეთი აქტიურობა ოდნავ ნაკლები აქვთ",- განმარტა ზახაშვილმა. 

ზახაშვილის თქმით, დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია იცვლება და თუკი პირველი შემთხვევების დროს 15-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი უფრო მეტად იყო ჩართული, ახლა უკვე წინ წამოვიდა 50-59 წლის ასაკი. 

"ზოგადად, როცა ასაკობრივად ახასიათებენ ხოლმე რაიმე დაავადებას, არ გამოიყენება მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების შეფასება და უყურებენ სხვადასხვა მაჩვენებელს, როგორიც არის ვთქვათ, საშუალო ასაკი და ჩვენ შემთხვევებში ჯერჯერობით, 43-ია საშუალო ასაკი. მაქსიმალური ასაკი არის 87 წელი, მინიმალური - 2. მედიანა 43-ია, მოდა - 52 წელი. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად მტკიცება, რომ 29 წლის ასაკი არის ჩვენთან უპირატესად დაზარალებული, ამგვარი შეფასებისგან მე, უბრალოდ, თავს შევიკავებდი", - თქვა ზახაშვილმა. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 26 აპრილს გამოაქვეყნა. 

კომენტარები