კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: საქართველოში ანტისხეულებზე შემოწმება, ზოგადად, იგეგმება, ამ ეტაპზე - არა

0 კომენტარი
ფოტო: IPN

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ანტისხეულებზე ტესტების ჩატარება, ზოგადად, იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე არა. 

შესაბამისი კითხვა ზახაშვილს Facebook Live-ის მიმდინარეობის დროს ერთერთმა მაყურებელმა დაუსვა. 

ზახაშვილის თქმით, ანტისხეულების ტესტები არცერთი ექსპერტული მოსაზრების მიხედვით, დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება და მათი გამოყენება მხოლოდ დაავადებული პირის მდგომარეობის შეფასებისთვისაა შესაძლებელი და არა იმისთვის, რომ მოსახლეობის ე.წ სეროპრევალენტობა შეფასდეს.

"სეროპრევალენტობის შესაფასებლად, ვფიქრობთ, რომ [ტესტები] უნდა ჩატარდეს ისეთი ტესტ-სისტემებით და იმგვარად, რომ არ დატოვოს ზედმეტი კითხვა მისი ხარისხისა და სანდოობის შესახებ. ამგვარი სეროპრევალენტობის შესწავლა ქვეყანაში, ზოგადად, დაგეგმილია, მაგრამ არა ამ ეტაპზე, მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მთელი ძალისხმევა მიამრთული უნდა იყოს ახალი შემთხვევების გამოვლენისკენ, სწორი დიაგნოსტირებისკენ და PCR მეთოდით ლაბორატორიული ტესტირებისკენ, რომელიც რჩება ოქროს სტანდარტად ახალი შემთხვევების გამოვლენისათვის", - თქვა ხათუნა ზახაშვილმა. 

15 აპრილს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთის კლასტერში მყოფ პირებზე კვლევების ჩატარების დროს რამდენიმე პირს სისხლში ახალი კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები აღმოაჩნდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე ჰქონდათ შეხება კორონავირუსთან, ის გადაიტანეს და მის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდათ. 

კვლევების ჩატარების დროს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დადასტურებიათ. 

ანტისხეულების ტესტირება მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტად გახშირდა. მაგალითად, იმის დასადგენად, თუ რამდენ ადამიანს აქვს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები გამომუშავებული კალიფრონიის მკვლევართა ორმა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა. 

მკვლევარებმა კალიფორნიაში, სანტა კლარაში 3 300 მოხალისეს ანტისხეულების აღმომჩენი ტესტი ჩაუტარეს. როგორც კვლევამ აჩვენა, ტესტირებულთაგან 2.5-დან 4.2%-ს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ვირუსით ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე ეს ოფიციალურადაა დადასტურებული. 

ანტისხეულებზე ტესტირებების დაწყებას გეგმავს იტალია და ჩეხეთი. 

ამ დრომდე საქართველოში ახალი კორონავირუსი 496 ადამიანს აქვს დადასტურებული, საიდანაც 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები