სააკაშვილის დანიშნვა უკრაინაში

"ნუ ვაქცევთ უკრაინის შიდა პოლიტიკურ საკითხებს დაპირისპირების საგნად" - ევსაქები და თავდემები

ტაბულა

"მოვუწოდეთ პირველ რიგში, ივანიშვილის ხელისუფლებას, ასევე ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, ნუ ვაქცევთ უკრაინის შიდა პოლიტიკურ საკითხებს, დაპირისპირების საგნად ჩვენს ქვეყანაში", - ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში წერია, რომ ეს საფრთხეს უქმნის უკრაინა-საქართველოს ისტორიულ, სტრატეგიულ მეგობრობასა და პარტნიორობას.

"ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ივანიშვილის მთავრობამ საქართველოს გამორჩეულ პარტნიორთან, უკრაინასთან ურთიერთობაში არაერთი დრამატული შეცდომა დაუშვა. ჯერ კიდევ. ევრომაიდანის მიმდინარეობისას, ქართული ოცნების ზოგიერთმა მაღალი თანამდებობის პირმა ამ შემთხვევაში უბრალოდ დუმილზე უფრო არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ღიად დაიკავა ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერი პოზიცია. მაგალითად, მაშინ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე  საჯაროდ არკვევდა იმას, თუ კიევის რამდენ ქუჩაზე მიდიოდა პროტესტი და რამდენად მცირე იყო ის", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევრომაიდნის მოძრაობის გამარჯვების  შემდეგ, ქართული ოცნების პრემიერი და ახლა უკვე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღიად აწარმოებდა კამპანიას, რომ საქართველოს საკითხი დასავლეთში სტრატეგიულ პარტნიორებს უკრაინის საკითხთან ერთად არ განეხილათ. პარტიები განცხადებაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ღარიბაშვილის საჯარო პოზიცია საერთაშორისო მედიაში,  უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარებაზე, უარყოფითი იყო.

"ეს კი უარყოფით პასუხს ნიშნავდა, თავისუფალი სამყაროსგან საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე. შემდგომში სწორედ ერთ კონტექსტში მიეცა როგორც უკრაინას, ისე საქართველოს ტანკსაწინაარმდეგო იარაღის შეძენის შესაძლებლობა. ღარიბაშვილის რიტორიკა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო. გარდა იმისა რომ უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი მორალური ვალია, ეს საქართველოს პრაგმატულ ინტერესშიცაა, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის, უსაფრთხოების, პუტინის აგრესიის შეკავების, დეოკუპაციის, ეკონომიკური კეთილდღეობისა თუ დასავლეთში ჩვენი გამოწვევების მიმართ ყურადღების ფოკუსირების კუთხით", - წერია განცხადებაში.

ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ერთობლის განცხადებაში ასევე წერია, რომ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მოსაწყობად. ამის მიზეზი კი საკუთარი, ვიწრო პარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებაა.

"სწორედ ამის მაგალითია ივანიშვილის ხელისუფლების ახლანდელი გადაწყვეტილება, ისაუბროს დიპლომატიურ დემარშებზე უკრაინასთან და ამის მიზეზად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებათა უპატივცემულობას ასახელებს. ბოლო წლების მანძილზე უკვე ათობით შემთხვევა იყო როცა ევროპული, მათ შორის ღრმა დემოკრატიის ტრადიციის მქონე ქვეყნებმა და მათმა სასამართლოებმა არ მიიჩნიეს საჭიროდ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებების გათვალისწინება მისი მიკერძოებულობის, არაკომპეტენტურობისა და აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამო", - წერია განცხადებაში.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილმა თქვა, რომ მზადაა, მიიღოს ეს წინადადება. მისი დანიშვნის შესახებ უკრაინის პარლამენტში კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე პრემიერი გახდება, შესაძლოა უკრაინასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედოს.

 

კომენტარები