დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი: ერთს ამბობს შსს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა ხოლმე

რუსთავი2

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავითი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე, სასულიერო პირს დღეს მოინახულებს. მისი თქმით, რეალობა, შსს-ის ოფიციალური ვერსიისგან, "დიდი ალბათობით, განსხვავებულია". 

"ჯერჯერობით გაურკვეველი მდგომარეობაა. ერთს ლაპარაკობს შსს, მაგრამ რეალობა სულ სხვა არის ხოლმე, ამიტომ, ამ რეალობაში გავერკვევი და მოგახსენებთ დეტალურ ინფორმაციას"- თქვა ადვოკატმა რუსთავი 2-თან საუბარში. 

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან არქიმანდრიტ საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, არქიმანდრიტი დაიჭრა. 

აღსანიშნავია, რომ მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას უარყოფდნენ. მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობდა, რომ მის დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რითაც ის "გულნატკენი და ნაწყენია".

კომენტარები