სომხეთი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: COVID 19-ის ყველა შემთხვევის მკურნალობას ვეღარ შევძლებთ

რადიო თავისუფლება

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, მალე ვეღარ შეძლოს უმკურნალოს ინფიცირებულებს, რომლებსაც კორონავირუსის სუსტი სიმპტომები ექნებათ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს 26 აპრილს უთხრა. 

"ნამდვილად არ მსურს ეს დღე დადგეს, მაგრამ ერთ დღეს ჩვენ ვეღარ შევძლებთ, მივსდიოთ ყველა ცალკეულ შემთხვევას"- ამბობს არსენ ტოროსიანი და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მხოლოდ სერიოზულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს უმკურნალებენ. 

სომხეთში 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაკეტილია სკოლები, უნივერსიტეტები, ქვეყანაში უცხოელებს შესვლა ეკრძალებათ, მოსახლეობისთვის სომხეთიდან გასვლა აკრძალულია.

ამ პერიოდში ასევე აკრძალულია საჯარო გამოსვლები, გაფიცვები, საჯარო ღონისძიებები, მათ შორის რელიგიური ცერემონიები, კონცერტები, გამოფენები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. თუმცა, აპრილში, საზოგადოებრივი ტრასპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები უკვე მოიხსნა და ეკონომიკის გარკვეული სექტორების გახსნაც დაიწყო. 

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 867 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 30 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 866.

კომენტარები