მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

მედია: უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სააკაშვილის კანდიდატურა რადადან გაიწვია

0 კომენტარი
ფოტო: unian.net

უკრაინული მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვია. სააკაშვილი რეფორმების საკითხებში ვიცეპრემიერის თანამდებობაზე იყო წარდგენილი. 

თავდაპირველად ეს ინფორმაცია გამოცემა Censor.net-ის მთავარმა რედაქტორმა, იური ბუტუსოვმა, გაავრცელა

თავის Facebook გვერდზე ბუტუსოვი წერს, რომ ამის მიზეზი რადაში იმ დეპუტატთა ნაკლებობაა, რომლებიც სააკაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერდნენ. რადაში 250 დეპუტატია, საიდანაც სააკაშვილს დასამტკიცებლად 226 ხმა სჭირდება. 

"ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ფრაქციაში "ხალხის მსახური", დაახლოებით, 140-დან 170-მდე დეპუტატის შეგროვება მოხერხდა, ვინც სააკაშვილის დანიშვნას მხარს დაუჭერს. ამასთან პარტიულ ჩატში მისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მზაობა საჯაროდ 100 დეპუტატზე ცოტა მეტმა გამოხატა. 

ხმები არ არის, რადგან პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილს საჯაროდ მხარი არ დაუჭიროს. იმისათვის, რომ სააკაშვილმა 226 ხმა დააგროვოს, "ხალხის მსახურებმა" გარანტირებული 190-200 ხმა უნდა მისცენ თავიანთი 248 დეპუტატიდან", - წერს ბუტუსოვი. 

ბუტუსოვისვე ინფორმაციით, ზელენსკის ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებების ჩავარდნა სკანდალით დასრულდება და სწორედ ამიტომ, ჟურნალისტის ცნობით, ადმინისტრაცია ფიქრობს, რა შესთავაზოს სანაცვლოდ სააკაშვილს. 

"ამ ეტაპზე ერთერთ ვარიანტად განიხილება, რომ სააკაშვილმა "ხალხის მსახურიდან" კენჭი იყაროს ოდესის მერის არჩევნებზე, სადაც მას მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ხელისუფლების მხრიდან, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური", - წერს ბუტუსოვი.

იმის შესახებ, რომ სააკაშვილი, შესაძლოა, აღარ დაინიშნოს უკრაინის ვიცეპრემიერად ასევე "უკრაინული პრავდაც" წერს. გამოცემა საპარლამენტო წყაროებს ეყრდნობა. გამოცემის ცნობით, ერთერთმა დეპუტატმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ შეეცადა სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ხმების შეგროვებას. 

"უკრაინული პრავდას" ინფორმაციითვე, ამ წუთებში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ფრაქციასთან "ხმა", რომლის დეპუტატებიც გამოცემასთან ამბობენ, რომ სააკაშვილი უფრო მეტად ზელენსკის მრჩევლის პოზიციიდან ლაპარაკობს. 

ამ ინფრომაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე მიცემულ ინტერვიუში უკრაინული რადას თავდმჯდომარე დიმიტრი რაზუმკუვმა თქვა, რომ ის არ იყო დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა. 

დღესვე საკითხს უმრავლესობის ფრაქციის ლიდერი დავიდ არახამია გამოეხმაურა. არახამიას თქმით, სააკაშვილის დანიშვნის საკითხი რადას რიგგარაშე სხდომის დღის წესრიგში არ არის. სხდომა 30 აპრილს უნდა გაიმართოს. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკიც. ერმაკის თქმით, სააკაშვილის დანიშვნის იდეა პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართულ ერთერთ თათბირზე წარმოიშვა. 

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ ზელენსკისგან მიიღო შეთავაზება, რომ რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერი გამხდარიყო. იმავე პოსტში სააკაშვილმა დაწერა, რომ ის ამ შეთავაზების მიღებას აპირებდა. 

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ უკრაინა მიხეილ სააკაშვილს ვიცეპრემიერად დანიშნავს, ამას "საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება".

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია, პრემიერმინისტრი უარყოფს და ამბობს, რომ ჯერჯერობით ელჩი არ გამოუწვევიათ. თუმცა, თუ სააკაშვილს უკრაინა ვიცეპრემიერად დანიშნავს, გიორგი გახარიას თქმით, მმართველი გუნდი ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოიწვევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები