დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

კარიბჭე

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს, მამა დავითს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, სასულიერო პირი სამართალდამცველებმა 27 აპრილს დააკავეს. დაკავებულ სასულიერო პირს ბრალი სსკ-ის მე-19 [დანაშაულის მცდელობა],108-ე [განზრახ მკვლელობა] და 236-ე [იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვა] მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტ საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. არქიმანდრიტმა ადგილიდან გარიდება შეძლო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, არქიმანდრიტი დაიჭრა.

"პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. ჩატარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას უარყოფდნენ. მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობდა, რომ მის დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რითაც ის "გულნატკენი და ნაწყენია".

კომენტარები