მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

Bellingcat: 2014 წელს უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებასთან FSB-ს გენერალია კავშირში

საგამოძიებო გვერდის Bellingcat თანახმად, 2014 წელს უკრაინის ოკუპირებულ, აღმოსავლეთ ნაწილში მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავ MH17-ის ჩამოგდების საქმეში FSB-ს მაღალჩინოსანი მონაწილეობდა.

Bellingcat-ის ინფორმაციით, FSB-ს გენერალი ანდრეი ბურლაკა კატასტროფის წინა დღეებში რუსეთიდან უკრაინაში იარაღის შედინებას აკონტროლებდა.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მონაცემების მიხედვით, ბურლაკა 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის საზღვართან, დონის როსტოვში იმყოფებოდა, როცა სეპარატისტების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებამ 298 ადამიანი იმსხვერპლა.

როგორც Bellingcat ასკვნის, სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდებაში მისი როლის გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნებოდა, რომ 17 ივლისის დილით დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობა რუსეთიდან უკრაინაში მისი პირადი თანხმობის გარეშე შეეტანათ.

სადაზვერვო სამსახურის თანამდებობივ ჯაჭვში ბურლაკა მეოთხეა პრეზიდენტის, FSB-ს დირექტორისა და მისი უშუალო უფროსის - FSB-ს დირექტორის პირველი მოადგილისა და სასაზღვრო სამსახურის უფროსის შემდეგ. თავად ბურლაკა სასაზღვრო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.

გამოძიების ამოცანა იყო, დაედგინა "ვლადიმირ ივანეს ძის" იდენტობა, რომელიც საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ მოპოვებულ სეპარატისტებისა და რუსების სატელეფონო ჩანაწერებში ხშირად იყო ნახსენები. ამ საუბრებიდან ირკვეოდა, რომ სწორედ ეს ადამიანი ასრულდებდა საკვანძო როლს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის FSB-ს მიერ იარაღის მიწოდებაში.

იმას, რომ "ვლადიმირ ივანეს ძე" სწორედ ბურლაკაა და ის კატასტროფისას დონის როსტოვში იყო, ამტკიცებს BBC-ის რუსული სამსახურის დამოუკიდებელი გამოძიებაც.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა 2018 წელს გამოაცხადა, რომ მალაიზიური თვითმფრინავი რუსეთის არმიის 53-ე ანტი-საჰაერო ბრიგადის მოწყობილობიდან ნასროლმა "ბუკის" რაკეტამ ჩამოაგდო.

გასულ წელს ცნობილი გახდა ისიც, რომ საგამოძიებო ჯგუფმა მოიპოვა პრეზიდენტ პუტინის მრჩეველის, ვლადისლავ სურკოვის სატელეფონო ჩანაწერიც, სადაც ის თვითმფრინავის ჩამოგდებამდე რამდენიმე დღით ადრე სეპარატისტების შეიარაღებით მომარაგებაზე საუბრობს.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2015 წლის 17 ივლისს კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, რუსეთის მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298 ადამიანი. რუსეთი თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობას ამ დრომდე უარყოფს.

 

კომენტარები