მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

კობახიძე: სააკაშვილის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნა აღიქმება არამეგობრულ ნაბიჯად

ტაბულა

"ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე აღიქმება როგორც არამეგობრული ნაბიჯი, ამას რა ზომა მოჰყვება, დასჭირდება შესაბამისი მსჯელობა", - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, უკრაინის ვიცეპრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე.

კობახიძის განმარტებით, თუ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან "არამეგობრული ნაბიჯი" გადაიდგმება, ამას "ადეკვატური რეაქცია" მოჰყვება მმართველი გუნდის მხრიდან.

"ესაა სახელმწიფოს ღირსების საქმე, როცა საქმე არაერთ უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებულ პირს ეხება", - ამბობს ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო.

სააკაშვილმა თქვა, რომ მზადაა, მიიღოს ეს წინადადება. მისი დანიშვნის შესახებ უკრაინის პარლამენტში კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცეპრემიერი გახდება, შესაძლოა უკრაინასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედოს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია. პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ეს უაყო, მაგრამ თქვა, რომ თუ სააკაშვილი უკრაინაში ვიცეპრემიერი გახდება, ელჩს "მინიმუმ კონსულტაციებისთვის" გამოიწვევენ.

აქვე, დღეს, 28 აპრილს, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ვიცეპრემიერად დანიშვნის საკითხი უმაღლესი რადადან უკან გაიწვია.

კომენტარები