მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

კვლავ განიხილება თუ არა სააკაშვილის კანდიდატურა - უკრაინელი დეპუტატების პასუხი

atlanticsentinel.com

28 აპრილს უკრაინულ მედიაში სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან ვიცეპრემიერის პოსტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, კანდიდატურა უკან გაიწვია, რის მიზეზადაც დეპუტატთა შორის ხმების ნაკლებობა დაასახელეს. 

კვლავ განიხილავს თუ არა უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ვიცეპრემიერად დანიშვნის საკითხს და რა პროგნოზები აქვთ მის შესაძლო კენჭისყრასთან დაკავშირებით უკრაინაში - ტაბულას ამ შეკითხვებს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა უპასუხეს. 

როგორც უმრავლესობაში, ისე უმცირესობაში მყოფი პარლამენტარები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტს რადადან არ გაუწვევია, რადგან მისი კანდიდატურა ოფიციალურად არც წარუდგენიათ. 

დეპუტატ ანდრეი ოსადჩუკის თქმით, რომელიც რადაში ოპოზიციურ ფრაქცია "ხმას" წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სააკაშვილისთვის რეფორმების საკითხებში ვიცეპრემიერის თანამდებობის შეთავაზება საჯაროდ იყო გაცხადებული, მთავრობას პარლამენტისთვის მისი კანდიდატურა ოფიციალურად არ წარუდგენია. 

"სააკაშვილს პარლამენტში რამდენიმე ფრაქციის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა. პრეზიდენტი ზელენსკი თვითონ არ ესწრებოდა ამ შეხვედრებს. როგორც წესი, როდესაც ზელენსკის მართლაც სურს, ვინმეს მხარი დაუჭიროს, ის მიდის თავის პარტიასთან, თავის დეპუტატებთან და მხარდაჭერას უცხადებს კანდიდატურას", - ამბობს ოსადჩუკი. 

დეპუტატი ამბობს, რომ ამ დრომდე ზელენსკის ეს არ გაუკეთებია და უკრაინის რადაში ძალიან ბევრი "მნიშვნელოვანი დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან, თუ ფრაქციიდან სააკაშვილის დანიშვნას მხარს არ უჭერს".  

როგორც ოსადჩუკი ტაბულასთან საუბარში განმარტავს, მათ დღეს მიხეილ სააკაშვილთან, დაახლოებით, 2-საათნახევრიანი შეხვედრა ჰქონდათ და მათი პარტიისთვის სააკაშვილი, როგორც იდეოლოგიურად, ისე პროფესიონალურად, ახლოსაა. 

"ჩვენთან კომუნიკაციისას მისი ტონით რომ ვიმსჯელოთ, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი სიცხადე, რომ ის შეძლებს ხმების მოპოვებას. არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მისი კანდიდატურა გაწვეულია პარლამენტიდან, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ოფიციალურად იყო წარდგენილი. მისი კანდიდატურა უბრალოდ საჯაროდ წამოაყენეს, მაგრამ არ მგონია, რომ პარლამენტისთვის ის ოფიციალურად იყო წარდგენილი", - ამბობს ოსადჩუკი. 

ის ასევე განმარტავს, რომ ხუთშაბათს, 30 აპრილს რადას მორიგი რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული, რომლის დღის წესრიგიც უკვე არსებობს და მასში არაფერია ნათქვამი სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. 

"ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სააკაშვილის დანიშვნა ან გადაიდო, ან სრულად გაუქმდა",- ამბობს დეპუტატი. 

ტაბულას შეკითხვაზე, რამხელაა შანსი, სააკაშვილმა მაინც დაიკავოს მთავრობაში ადგილი ან, როგორც უკრაინული მედიის ნაწილი წერს, ზელენსკის მრჩეველი გახდეს, ოსადჩუკი პასუხობს:

"ჩემი პირადი მოსაზრება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩემს პარტიასთან, ასეთია, რომ ძალიან, ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ ის მთავრობას შეუერთდება. თუმცა არის შანსი, რომ ის, შესაძლოა, დარჩეს პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში, როგორც მრჩეველი". 

ტაბულა ასევე ესაუბრა რადას უმრავლესობის დეპუტატს, "ხალხის მსახურის" წევრს, მარინა ბარდინას, რომელმაც ასევე დაგვიდასტურა, რომ სააკაშვილის კანდიდატურა რადასთვის ოფიციალურად წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა მისივე თქმით, ის კვლავ განიხილება კანდიდატად. 

"ჩვენ კვლავ განვიხილავთ სააკაშვილის კანდიდატურის შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენი ფრაქციაც კი სრულად არ უჭერს მის კანდიდატურას მხარს", - ამბობს ბარდინა. 

კითხვაზე, რამდენად სერიოზულად განიხილავს სააკაშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი ზელენსკი, გამომდინარე იქიდან, რომ ის არც ფრაქციის შეხვედრებს დასწრებია და ამ დღეების განმავლობაში არც საჯაროდ გამოჩენილა სააკაშვილთან ერთად, ბარდინა პასუხობს, რომ სხვა შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც მინისტრების კანდიდატურების განხილვის პროცესს ზელენსკი არ ესწრებოდა. 

"[რაც შეეხება მოქმედ დღის წესრიგში ამ საკითხის არარსებობას] პრეზიდენტს შეუძლია, იმავე დღეს კიდევ ერთი სხდომა ჩანიშნოს და შესაძლებელია, ეს მოხდეს ბოლო წუთს", - ამბობს დეპუტატი. 

ინფორმირებული წყარო ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია პერსონალურად ზელენსკისა და პრეზიდენტის ოფისის გადაწყვეტილებაზე - თუკი ხვალ საღამოს პრეზიდენტი ფრაქციასთან ერთად შეხვდება სააკაშვილს, მაშინ სავარაუდოა, რომ შესაძლებელი იქნება მის დასანიშნად საკმარისი ხმების რაოდენობის მოპოვება. სხვა შანსი კი, მისი განმარტებით, არ არსებობს. 

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მან პრეზიდენტ ზელენსკისგან მიიღო შეთავაზება, რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერი გამხდარიყო. იმავე პოსტში სააკაშვილმა დაწერა, რომ ის ამ შეთავაზების მიღებას აპირებდა. 

კომენტარები