ახალი კორონავირუსი საქართველოში

პაციენტები, რომლებიც 14 დღეზე მეტია COVID 19-ზე მკურნალობენ, რეაბილიტაციას აბასთუმანში გაივლიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, ის პაციენტები, რომლებიც 14 დღეზე მეტია მკურნალობენ ახალ კორონავირუსზე და ვირუსზე "სუსტი დადებით პასუხი" აქვთ, აბასთუმანში გააგრძელებენ მკურნალობას და იქ გაივლიან დამატებით რეაბილიტაციას. ტიკარაძის თქმით, ეს კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრაზე განიხილეს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პაციენტები შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკურორტო ზონა იქნება აბასთუმანის კინიკა, რომელიც პირველივე დღიდან მობილიზებულია, როგორც საკარანტინე ზონად, შემდეგ ცხელების კლინიკის სტატუსიც ჰქონდა.

გარემო პირობებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პაციენტის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნებოდა იქ განთავსება. შემდეგ დღეებში ველოდებით ისეთი პაციენტების სახელობით სიას, რომელთა მკურნალობა გაგრძელდა 14 დღეზე მეტხანს, მათ არ აღენიშნებათ კლინიკური სიმპტომატიკა, აქვთ სუსტი დადებითი პასუხი და სჭირდებათ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობა", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა.

საკარანტინო რეჟიმში ამ დრომდე 5 124 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 538.

კომენტარები