დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

ადვოკატი: სასულიერო პირებს დაპირისპირება ვერ ექნებოდათ, სიყვარულით არიან გამსჭვალულნი

განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის საქმეზე სასამართლო დღეს, 29 აპრილს, იმსჯელებს.

მამა დავითის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ მამა დავითის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას არცერთი ფაქტობრივი გარემოებება არ ადასტურებს.

მისივე თქმით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა, რასაც მამა საბას ჩვენებაც მოწმობს:

"თავად მამა საბას აქვს აღნიშნული, რომ იგი სამედიცინო ექსპერტიზას არ საჭიროებს, ვინაიდან თავს ძალიან კარგად გრძნობს. საქმეში დევს მამა საბას ჩვენება, სადაც ის აცხადებს, რომ მამა დავითთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია და შესაბამისად, ვერ ექნებოდა იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულით არიან გამსჭვალულნი"- ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ "შეგნებულად ხორციელდება ეკლესიის დისკრედიტაცია".

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მან არქიმანდრიტ საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, არქიმანდრიტი დაიჭრა. 

აღსანიშნავია, რომ მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას უარყოფდნენ. მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობდა, რომ მის დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რითაც ის "გულნატკენი და ნაწყენია".

 

კომენტარები