კორონავირუსი

საფრანგეთი აგრესიული ტესტირების დაწყებას და ზომების შემსუბუქებას აპირებს

La Voix du Nord

საფრანგეთი 11 მაისიდან ზომების შემსუბუქებას და ამავდროულად, ახალი კორონავირუსზე აგრესიული ტესტირების დაწყებას აპირებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ფილიპმა, 28 აპრილს განაცხადა.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან კვირაში სამიზნე, სულ მცირე, 700 000 ტესტის ჩატარება უნდა შეძლონ. ფილიპის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პირს ახალი ვირუსი დაუდასტურდება, მის ყველა ახლო კონტაქტს მოიძიებენ, ტესტს გაუკეთებენ და იზოლაციაში მოაქცევენ

ამჟამად საფრანგეთის ტესტირების მასშტაბი, მაგალითად, გერმანიის ტესტირების მასშტაბზე 4-ჯერ ნაკლებია. 

ქვეყანაში 11 მაისიდან ნელნელა სკოლები გაიხსნება, ბიზნესები საქმიანობის განახლებას შეძლებენ. ამის მიუხედავად, კომპანიებმა კვლავ დისტანციური მუშაობა უნდა განაგრძონ, თუ მათ ეს შეუძლიათ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტაქსებში აუცილებელია პირბადის ტარება. რესტორნები, კაფეები, სანაპიროები, სულ მცირე, ივნისამდე დაკეტილი იქნება. სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე არ აღდგება.

ფილიპის განცხადებით, მიღებულმა ზომებმა ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა ეკონომიკის გადასარჩენად ახლა ზომების მოხსნის დრო მოვიდა.

საფრანგეთში ახალ კორონავირუსს 23 660 ადამიანი ემსხვერპლა, აშშ-ის, იტალიის, ესპანეთის და ბრიტანეთის შემდეგ ყველაზე მეტი. ქვეყანში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი უკვე 2 კვირაა, რაც კლებულობს, ხოლო მათი რიცხვი, ვინც ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, უკვე მე-19 დღეა, იკლებს. ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობა 15 აპრილიდან განახევრდა და ახლა ეს რიცხვი საშუალოდ 1 500-მდე ჩამოვიდა.

ამავე დროს საფრაგეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ზედმეტი სიჩქარის შემთხვევაში, დაავადების მაჩვენებელი, შესაძლოა, სპირალივით დაბრუნდეს - "ცუდ გადაწყვეტილებებს შორის არჩევანი უნდა გავაკეთო".

მისი განცხადებით, თუ ზომების შემსუბუქებას დაავადების მაჩვენებლის ზრდა მოჰყვება, მთვარობა მზადაა, შეზღუდვები კვლავ შემოიღოს.

ასევე, ფილიპის თქმით, თუ მდგომარეობა 11 მაისისთვის გაუარესდება, ზომებს არ შეამსუბუქებენ, ან მხოლოდ მინიმალურად.

"ჩვენ COVID-19-თან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რათა მისგან თავის დაცვა შევძლოთ," - განაცხადა მან.

29 აპრილის მონაცემებით, საფრანგეთში ახალი ვირუსის აღმომჩენი 463 662 ტესტი ჩატარდა, აქედან 165 911 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. 46 886 დაინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. 95 365 პირიდან, ვინც ამჟამად მკურნალობას განაგრძობს, 4 387-ის მდგომაროება სერიოზული ან კრიტიკულია.

 

კომენტარები