კორონავირუსი

პოლონეთში სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები 4 მაისს გაიხსნება

მატეუშ მორავეცკი
AFP

პოლონეთში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო დახურული სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები 4 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ პოლონეთის პრემერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, 29 აპრილს განაცხადა.

6 მაისიდან გახსნის შესაძლებლობა მიეცემა სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც. სკოლები 24 მაისამდე დაკეტილი დარჩება.

პოლონეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების შემსუბუქება, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, აპრილიდან დაიწყო. ქვეყანაში უკვე შესაძლებელია ტყეებსა და პარკებში გასეირნება. შემსუბუქდა მაღაზიებში მომხმარებლის რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვებიც. საჯარო ადგილებში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულოა.

პრემირმინისტრის განცხადებით, ის მოგვიანებით დაასახელებს ეკონომიკის გახსნის შემდგომ ნაბიჯებს, რაც რესტორნების გახსნასაც მოიცავს.

ასევე, მატეუშ მორავეცკის სურს, რომ პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილ დროს - 10 მაისს - გაიმართოს, ან მხოლოდ ორიოდე კვირით გადაიდოს. ოპოზიციას არჩევნების უფრო ხანგრძლივი დროით გადავადება სურს.

მორავეცკიმ პარლამენტის ზედა პალატას მოუწოდა, დააჩქაროს არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემის საკითხის განხილვა. ქვედა პალატაში უმრავლესობას მმართველი პარტია და მისი მოკავშირეები წარმოადგენენ, თუმცა პარლამენტის ზედა პალატას ოპოზიცია აკონტროლებს. გამოკითხვებში ამჟამინდელი პრეზიდენტი და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ანდრეი დუდა, ლიდერობს.

29 აპრილის მონაცემებით, პოლონეთში ახალი ვირუსის 12 415 დადასტურებული შემთხვევაა. 3 025 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 606 პაციენტი - გარდაიცვალა.  ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსის გამოსავლენი 310 744 ტესტი ჩატარდა.

კომენტარები