ოლიმპიური თამაშები

იაპონიის პრემიერი: პანდემიის შეკავებამდე ოლიმპიური თამაშების ჩატარება შუძლებელია

შინძო აბე
Bloomberg

29 აპრილს იაპონიის პრემიერმინისტრმა, შინძო აბემ, განაცხადა, რომ მომავალ წელს, პანდემიის შეკავებამდე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამართვა შეუძლებელი იქნება. 

"ჩვენ ვამბობთ, რომ ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები სრული ფორმით უნდა ჩატარდეს, სადაც სპორტსმენებსა და მაყურებლებს, ყველას უსაფრთხოდ მონაწილეობა შეეძლებათ. ასეთი სრული ფორმით თამაშების ჩატარება შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ კორონავირუსის პანდემია არ შეკავდება," - განაცხადა შინძო აბემ.

28 აპრილს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა იოშირო მორიმ თქვა, რომ თუ გადადებული ოლიმპიადა 2021 წელს ვერ ჩატარდება, ის გაუქმდება.

2020 წლის ოლიმპიადა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მისი ჩატარება დაგეგმილია 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში. ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინის ან წამლის არ არსებობის შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნება. იაპონიის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა იოშიტაკე იოკოკურამ თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იაპონიაში ვირუსის კონტროლს შეძლებენ, ოლიმპიადა ვერ გაიმართება, თუ პანდემიას დანარჩენ მსოფლიოშიც არ დაამარცხებენ.

ჩინეთის შემდეგ იაპონია ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ახალი ვირუსი დაფიქსირდა, თუმცა ქვეყანაში განსაკუთრებული ზომები არ მიუღიათ და 2020 წელს დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამართვას გეგმავდნენ. საბოლოოდ, ოლიმპიადის გადადების შესახებ 24 მარტს გამოაცხადეს.

ამ დროისათვის იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 13 736 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 394 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 899.

კომენტარები