ნავთობის ბაზარი

ბელარუსმა Saudi Aramco-სგან ნავთობის პირველი პარტია შეიძინა

ბელარუსმა საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობ კომპანია Saudi Aramco-სგან ნავთობის პირველი პარტია შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ბელტა ავრცელებს. 

ბელარუსში ნავთობის მომარაგების არხების დივერსიფიკაცია მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გასული წლების განმავლობაში მოსკოვთან ნავთობის ხარისხსა და ფასზე შეთანხმება გაჭიანურდა. 

80 ათასი ტონა არაბული ნავთობის პირველი პარტია კლაიპედას პორტში 11 მაისს უნდა ჩავიდეს. ამის მიუხედავად, ბელარუსისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი კვლავ რუსეთია. მაისში ბელარუსმა მეზობლისგან 1,1 მილიონი ტონა ნავთობი უნდა მიიღოს. 

აპრილში ბელარუსმა სულ 2 მილიონი ტონა ნავთობი შეიძინა, რომლიდანაც 1,5 მილიონი ტონა რუსეთმა მიაწოდა. დარჩენილი 500 ათასი ტონა ნავთობი სატანკერო მიწოდებასა და ბელარუსის ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. 

2019 წელს რუსეთსა და ბელარუს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მთელი წლის განმავლობაში ნავთობის ტრანზიტის და საფასურის ღირებულება ძველი ფასით მიმდინარეობდა. უშედეგოდ დასრულდა 2019 წლის ბოლოს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარიც. 

საუბრის შემდეგ, ლუკაშენკომ ბრძანება გასცა ნავთობ პროდუქტების მარაგების ალტერნატიული გზების ძიების შესახებ.

ნავთობისა და ტრანზიტის ღირებულება უკვე მრავალი წელია, რუსეთსა და ბელარუსს შორის უთანხმოების საკითხია. რუსეთი საკითხს პოლიტიკური ვაჭრობის ბერკეტად იყენებს და ცდილობს, შეღავათები მინსკის მხრიდან საინტეგრაციო ხელშეკრულების შესრულებას დაუკავშიროს. 

სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ შეთანხმება ბელარუსსა და რუსეთს შორის 1999 წელს დაიდო.

კომენტარები