აშშ-ჩინეთი

ტრამპი: ჩინეთს სურს რომ არჩევნებში წავაგო, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი
Today Online

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის მიდგომა კორონავირუსის საკითხზე ცხადყოფს, რომ პეკინი "ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია" იმისთვის, რომ ნოემბერში ტრამპმა არჩევნები წააგოს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთს სურს, არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს, რათა მოიშოროს ის წნეხი, რაც ტრამპმა ჩინეთს სავაჭრო ომის შედეგად და სხვა საკითხებზე დაადო.

"ისინი ყოველთვის იყენებენ საჯარო ურთიერთობებს, რათა თავი უდანაშაულო პარტიებად წარმოაჩინონ," - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთის პასუხისმგებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს - "მე ბევრის გაკეთება შემიძლია. ჩვენ ვნახულობთ, თუ რა მოხდა".

ის კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთს ადანაშაულებს. ახალმა კორონავირუსმა აშშ-ში 60 000 ადამიანის სიკვდილი და ეკონომიკის დაზარალება გამოიწვია. 

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ჩინეთი უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო და მსოფლიოსთვის კორონავირუსზე უფრო სწრაფად უნდა შეეტყობინებინა.

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ანონიმურად განაცხადა, რომ არაფორმალური "ზავი", რაზეც ტრამპი და სი ძინპინი მარტში სატალეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, ახლა დასრულებულია. 

მაშინ, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მათი მთავრობები ვირუსის შესაკავებლად თანამშრომლობისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ.

ბოლო თვეებია, აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. აშშ ჩინეთის მხარეს მოუწოდებს, რომ მისი მეცნიერები ვუხანის ლაბორატორიაში შეუშვან, რათა ვირუსის წარმოშობა უკეთ გამოიკვლიონ.

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. ასევე, არსებობს მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

კომენტარები