კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: კლინიკას 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათ შორის ორი მოზარდი

ტვ პირველი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 82 წლის მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. რატიანის თქმით, ქალს 30 წელია, აქვს შაქრიანი დიაბეტი და თანმდევი დაავადებები. 

მისივე თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ სხვადასხვა ფორმით გართულებული შაქრიანი დიაბეტი კორონავირუსის მაღალი ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს. 

"82 წლის ქალბატონი, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაცია, მიკროანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემები, მოიხსნა აპარატიდან და არის კონტაქტური, ადეკვატური, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური. რჩება ოქსიგენდამოკიდებული.

ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე - ამ ქალბატონს, 30 წელია, აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინოთერაპიაზე, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ შაქრიანი დიაბეტი, გართულებული სხვადასხვა ფორმით, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს.

როგორც კი ეს ვირუსი გაჩნდა სამყაროში, რატომღაც ყველამ ერთად, ვინაიდან ახალი იყო და ჰქონდა მაღალი ლეტალობა, დავარქვით მკვლელი ვირუსი, მაგრამ ვირუსის ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმასთან დაკავშირებით, რომ გართულებულ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსის მანიშნებელს" - თქვა რატიანმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 83 პაციენტი მკურნალობს. დღეს კლინიკას 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათ შორის ორი მოზარდი - 14 და 15 წლის. 

"რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. რამდენიმე მათგანს, რომელსაც ჰქონდათ ფილტვის დაზიანების მაღალი ინდექსი, ამ შემთხვევაში არ უფიქსირდებათ", - თქვა რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები