TBILISI OPEN AIR გადაიდო

Tbilisi Open Air

მუსიკალური ფესტივალი Tbilis Open Air 2020 გადაიდო.

მიზეზი ახალი კორონავირუსია.

მუსიკალური ფესტივალი 26-28 ივნისს უნდა ჩატარებულიყო.

ახალი თარიღების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება არაუგვიანეს 25 ივნისისა.

"ამ ეტაპზე განიხილება ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება, თუმცა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Tbilisi Open Air 2020-ის ფეისბუქ-ივენთზე თარიღებს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შევცვლით, ამიტომაც, ახალი თარიღების გარკვევამდე იქ კვლავ 26-28 ივნისი იქნება მითითებული.

ბილეთების გაყიდვა შეჩერებული იქნება მანამ, სანამ ახალ თარიღებს არ გამოვაცხადებთ.

მათ, ვინც უკვე შეიძინა ფესტივალის აბონემენტი TKT.GE-ზე, ვთავაზობთ არჩევანს:

  • შეგიძლიათ, შეინარჩუნოთ აბონემენტი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ.
  • ამ შემთხვევაში უკლებლივ ყველა მყიდველს გადაეცემა საჩუქრად ფესტივალის 10-წლიანი საშვი (გათამაშების გარეშე). ასეთ ადამიანთა რაოდენობა ასზე მეტია.
  • თუ ერთ აბონემენტზე მეტი გაქვთ შეძენილი, საჩუქრად მიიღებთ ერთ 10-წლიან საშვს თქვენს სახელზე, ხოლო დანარჩენ აბონემენტებზე - ორწლიანს. ამ სასაჩუქრე საშვების მისაღებად, თქვენს სახელზე ნაყიდი არცერთი აბონემენტი არ უნდა დაბრუნდეს.
  • თუ არ გსურთ აბონემენტის შენარჩუნება და სასაჩუქრე საშვების მიღება, შეგიძლიათ, თანხა სრულად დაიბრუნოთ თქვენ მიერ შეძენილ ყველა ბილეთზე. ამისათვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ბმულს, რომელიც გადმოგეგზავნათ მეილსა და მობილურის ნომერზე ბილეთის შეძენისას, სადაც 1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით გააქტიურდება თანხის დაბრუნების ღილაკი.
  • თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ დააბრუნებთ ბილეთს, ავტომატურად დაფიქსირდება პირველი არჩევანი და მეილზე შესაბამის ინსტრუქციას 11 მაისამდე მიიღებთ.

ბოლოს გეტყვით, რომ გვაქვს ყოველდღიური კონსულტაციები ევროპის მთავარ ფესტივალებთან და ჩვენ ყველა, არტისტებთან ერთად, ვეცდებით, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ.

დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის!

გვჯერა, რომ მალე დავბრუნდებით ჩვენს საყვარელ Lisi Wonderland-ში", - წერია Tbilisi Open Air-ის განცხადებაში.

კომენტარები