კორონავირუსი საქართველოში

აფხაზეთიდან ქუთაისში ორსული ქალი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს, covid-19-ზე პასუხს ელოდებიან

fb.com/კლინიკა ბომონდი

ქუთაისის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადის მიერ შეყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

კლინიკის ხელმძღვანელის, მამუქა მიქაძის თქმით, დაახლოებით 30-31 კვირის ორსული კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით, მძიმე მდგომარეობაში შევიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისთვის საკეისრო კვეთის ჩატარება აუცილებელი გახდა. ახალშობილი 1.2 კგ დაიბადა. ამ დროისათვის, პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება.  

"აფხაზეთიდან კატასტროფის სამსახურმა გადმოიყვანა 32 წლის ქალი, 30 ან 31 კვირის ორსული. მძიმე ნეფროპატიით, უმართავი ჰიპერტენზიული სინდრომით. მიუხედავად ჩატარებული თერაპირული ღონისძიებებისა, იძულებული გავხდით, ჩაგვეტარებინა საკეისრო კვეთა. ეპიდანამნეზი იყო გაურკვეველი, კოვიდზე შეუმოწმებელი. ველოდებით პასუხს კოვიდინფექციაზე“, - თქვა მამუკა მიქაძემ. 

ამ დროისთვის ქუთაისში, კლინიკა ბომონდის ცხელების ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს. 5 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს კი ელოდებიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები