ეკონომიკა

როგორი ანტი-კრიზისული ზომები მიიღეს რეგიონის ქვეყნებმა - EPRC-ის კვლევა

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მსოფლიო არნახული ეკონომიკური კრიზისის პირას დგას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს, გლობალური ეკონომიკა 3%-ით შემცირდება.

შედარებისთვის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ვარდნამ 0,8% შეადგინა.

ფონდის პროგნოზით, წელს ეკონომიკური რეცესიის ფაზაში ჯამურად 157 ქვეყანა შევა. მათ შორის, ცხადია, გამონაკლისი არც საქართველო და მეზობელი ქვეყნებია. 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგიონის სახელმწიფოთა მთავრობებმა სხვადასხვა მასშტაბისა და სტრუქტურის ანტი-კრიზისული გეგმები მიიღეს. საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საქართველოს მეზობელი და ბალტიის ქვეყნების მიერ მიღებული ანტი-კრიზისული გეგმები შეისწავლა. 

აზერბაიჯანი

  • აზერბაიჯანის მიერ მიღებული ანტი-კრიზისული პაკეტის მოცულობა ჯამურად 2,5 მილიარდ მანათს შეადგენს, რაც დოლარის ექვივალენტში დაახლოებით 1,5 დოლარია. პაკეტი მოცულობა ქვეყნის მშპ-ს 3%-ს შეადგენს, თუმცა პრეზიდენტ ალიევის თქმით, მომავალში დამატებითი რესურსების მობილიზაციაც მოხდება;
  • მობილიზებული 1,5 მილიარდი დოლარიდან, 600 მილიონი დოლარი ახალი საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირებას, ხოლო 300 მილიონი დოლარი ძველი საბანკო სესხების სუბსიდირებას მოხმარდება;
  • საარსებო მინიმუმის ტოლფას დახმარებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად შემოსავალი დაკარგეს. ჯამურად საუბარია დაახლოებით 600,000 ათას მოქალაქეზე, რომლებიც ერთჯერადი კომპენსაციის სახით 224 დოლარს მიიღებენ;
  • ეკონომიკის სექტორები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქციას აწარმოებენ, სრულად გათავისუფლდნენ დღგ-სგან. სხვადასხვა საგადასახადო შეღავათები დაწესდა იმ სექტორებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. შეღავათები ეხებათ მიკრო მეწარმეებსაც, რომლებიც ქონებისა და მიწის გადასახადისგან გათავისუფლდნენ;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება.

თურქეთი

  • თურქეთის მთავრობის მიერ მიღებული ანტი-კრიზისული პაკეტი მოცულობა 100 მილიარდი ლირაა, რაც 15 მილიარდ დოლარს უტოლდება და ჯამურად ქვეყნის მშს-ს 2%-ს შეადგენს;
  • გამოყოფილი 15 მილიარდის დიდი ნაწილი - 11,5 მილიარდი დოლარი - ფისკალური სტიმულირების სხვადსახვა ფორმებზე დაიხარჯება. 3,8 მილიარდი დოლარი გადაეცემა საკრედიტო-საგარანტიო ფონდს;
  • სახელმწიფო ხელფასის 60%-ს აუნაზღაურებს მოქალაქეებს, რომელთა დამსაქმებელმა კომპანიებმა მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩერეს. კომპენსაციის მოთხოვნაზე უკვე შევსებულია 2 მილიონზე მეტი განაცხადი, მთავრობა დაფარავს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებს ჯანდაცვის დაზღვევის ხარჯებსაც;
  • დაახლოებით 2 მილიონ მოქალაქეს 6 თვით გადაუვადდა დღგ-ს გადახდა. კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის რამდენიმე თვით გადავადდა საშემოსავლო გადასახადიც;
  • კომპანიებს, რომლებსაც პანდემიის შედეგად ფინანსური პრობლემები შეექმნათ, 3 თვით გადაუვადდათ საბანკო სესხის ძირი თანხის და საპროცენტო განაკვეთის მომსახურება;

სომხეთი

  • სომხეთის მთავრობის მიერ მიღებული ანტი-კრიზისული გეგმის თანახმად, ოჯახები, რომლებშიც ორივე მშობელი უმუშევარი დარჩა, 14 წლამდე ასაკის თითო ბავშვზე, ერთჯერადი დახმარების სახით, 208 დოლარს მიიღებენ. 142 დოლარის ერთჯერად ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური პანდემიის შედეგად დაკარგეს;
  • კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე მეწარმეებს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული საბანკო სესხით სარგებლობა შეეძელებათ. საუბარია სესხებზე, რომლებიც არ აღემატება 520 ათას დოლარს და რომელთა საპროცენტო განაკვეთი 6% ან ნაკლებია;
  • მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში, რომელთა თანამრომლების რაოდენობა 2-დან 50-მდე მერყეობს, ყოველი მეხუთე დასაქმებულის ხელფასს სახელმწიფო გადაიხდის. საკუთარი კომპანიის ბრუნვის 10%-ს ერთჯერადი დახმარების სახით მიიღებენ მიკრო მეწარმეებიც;
  • სხვადასხვა საკრედიტო შეღავათები დაწესდა ბიზნესზე. მათ შორის ბიზნესებს ექნებათ წვდომა 50 მილიონი დრამის მოცულობის საბანკო სესხებზე, რომელთა ხანგრძლივობა 36 თვეს არ აღემატება, ხოლო სესხის გადახდა 6 თვის შემდეგ დაიწყება;
  • თებერვალში გაწეული კომუნალური ხარჯების მიხედვით მოქალაქეები გაზის და ელექტროენერგიის გადასახადზე 50 და 30%-იან შეღავათს მიიღებენ;

ესტონეთი

  • ესტონეთის მთავრობამ 2 მილიარდი ევროს მოცულობის ანტი-კრიზისული პაკეტი მიიღო, რაც ქვეყნის მშპ-ს 7%-ს შეადგენს. გეგმა სპეციალურ კრიზისულ ბიუჯეტს, სოციალური დაცვისა და ბიზნესის დახმარების სხვადახვა ინსტრუმენტს აერთიანებს;
  • 1 მილიარდი ევრო უკვე გაცემული ბიზნეს სესხების სუბსიდირებას მოხმარდება. კიდევ 500 მილიონი ევრო დაიხარჯება ბიზნეს სესხების ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად, ხოლო 50 მილიონი ევრო საინვესტიციო დაკრედიტებას მოხმარდება;
  • 250 მილიონი ევრო გამოიყო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებისთვის. ჯამურად სახელმწიფო უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეებს ხელფასის 70%-ს აუნაზღაურებს, არა უმეტეს 1000 ევროსი;
  • პაკეტი სხვადასხვა საგადასახადო შემსუბუქებასაც ითვალისწინებს, მათ შორის ორი თვით უქმდება წინასწარი საგადასახადო შენატანები თვითდასაქმებულებისთვის და საშემოსავლო და საბაჟო დავალიანების საპროცენტო განაკვეთი;
  • 3 მილიონი ევრო გამოიყო იმ სპორტული და გასართობი ღონისძიებების კომპენსაციისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ ჩატარდა.

ლატვია

  • ლატვიის მთავრობამ 2 მილიარდი ევროს მოცულობის ანტი-კრიზისული გეგმა მიიღო, რაც მშპ-ს 7%-ს უტოლდება. პაკეტი უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეების ფინანსურ მხარდაჭერას, საგადასახადო შეღავათებს, ბიზნესის მხარდაჭერას და საკრედიტო-საგარანტიო სქემებს ითვალისწინებს;
  • ბიზნესის ხელშოწყობის პროგრამაზე ჯამურად 900 მილიონი ევროა გამოყოფილი. აქედან 200 მილიონი ევრო დაზარალებული ბიზნესების საბანკო სესხების სუბსიდირებას, ხოლო 700 მილიონი - საკრედიტო-საგარანტიო სქემებზე დაიხარჯება;
  • კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მთავრობა ხელფასის 75%-ს აუნაზღაურებს, მაქსიმუმ 700 ევრო. ასევე, ეს ანაზღაურება არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
  • 3 თვით გადაუვადდებათ ყველანაირი გადასახადი ბიზნესებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ;
  • კრიზისის მიუხედავად, ანაზღაურება ეზრდება "წინა ხაზის" სამედიცინო პერსონალს, ამაზე ჯამურად 8 მილიონი ევრო დაიხარჯება. 2 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს მედია, დამატებით 45 მილიონს სოფლის მეურნეობის სექტორი და კიდევ 75 მილიონი ევრო ახალი გზების მშენებლობას მოხმარდება.

ლიტვა

  • ლიტვის მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების 2,5 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტი მიიღო, რაც მშპ-ს 5%-ს შეადგენს. სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ დანახარჯებს 1,1 მილიარდი ევრო მოხმარდება, ხოლო 1,3 მილიარდი ევრო სესხების სუბსიდიებსა და საკრედიტო-საგარანტიო სქემებზე დაიხარჯება;
  • მთავრობა ხელფასის 60%-ს აუნაზღაურებს მოქალაქეებს, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, კომპენსაცია უფრო მაღალი იქნება იმ სექტორებში, რომლებზეც ეპიდემიის გავლენა პირდაპირი იყო;
  • 100 მილიონი ევრო გამოიყო საშუალო და დიდი ზომის ბიზნესის ლიკვიდურობის უზრუნვესაყოფად;
  • მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების საბანკო სესხების სუბსიდიებზე ჯამურად 23 მილიონი ევრო გამოიყოფა. ბიზნესებს ექნებათ წვდომა 50 ათას ევრომდე მოცულობის საშეღავათო პირობების მქონე სესხებზე;
  • მთავრობა ადგილის ქირის 50%-ს დაუფარს მოიჯარეებს, რომელთა ბიზნესიც დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერდა, ამავდროულად ფართის მეპატრონე ვალდებულია ქირა 30%-ით შეამციროს.

საქართველოს მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები