NATO-საქართველო

აპატურაი: 4 ნაბიჯი გვაქვს გაწერილი, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაში მეტად ჩაერთოს

NATO

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ ალიანსი ოთხ მკაფიო ნაბიჯს გადადგამს, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაში უფრო მეტად ჩაერთოს. 

ამის შესახებ აპატურაიმ საქართველოს რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი ინტერვიუს თარგმანს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

აპატურაის განმარტებით, მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას ორი მიზეზი აქვს:

"პირველი, მოგეხსენებათ, საქართველო არის NATO-ს არაწევრი ქვეყანა იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებთანაც მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. საქართველოსთან ეს თანამშრომლობა ნამდვილად საუკეთესო და სამაგალითოა და ჩვენ მისი გაღრმავება გვსურს. 

მეორე მიზეზი არის ის, რაც ყველამ ვიცით, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია გაუარესდა. ეს სიტუაცია გაუარესდა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და NATO-ს წევრებისთვისაც",- თქვა აპატურაიმ. 

NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის თქმით, გაუარესების მიზეზი რუსეთის აგრესიული ქმედებებია საქართველოსა და უკრაინაში. აპატურაის განმარტებით, რუსეთის მიერ ყირიმის გამოყენება შავ ზღვაში სამხედრო ძალის გასაზრდელად გავლენას ახდენს როგორც NATO-ზე, ისე საქართველოსა და უკრაინაზეც. 

აპატურაის თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამო NATO-ს სურს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს, განსაკუთრებით კი, შავი ზღვის კონტექსტში. 

"უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უფრო მეტ აქტივობაში ჩავრთავთ, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ 'ჰიბრიდულ თავდაცვას'. საუბარი მაქვს იმ ხერხებისა და საშუალებებისგან თავის დაცვაზე, რომელსაც რუსეთი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს, როდესაც მაგალითად, საქმე ეხება კიბერთავდასხმებს ან დეზინფორმაციას, ენერგეტიკულ ბლოკადას, შენიღბულ სადაზვერვო ან სამხედრო აქტივობას", - ამბობს აპატურაი. 

აპატურაის თქმით, კიდევ ერთ პროგრამას, რომელშიც NATO-ს საქართველოს ჩართვა სურს, "საჰაერო სივრცის უსაფრთხოების პროგრამა" ეწოდება და მისი საშუალებით საქართველო უკეთესად შეძლებს, აღიქვას, რა ხდება მის საჰაერო სივრცეში. 

"ახალი პაკეტის კიდევ ერთი კომპონენტი არის ქართველებისა და უკრაინელებისთვის უფრო მეტი ჩართულობა ერთობლივ სწავლებებში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს "თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა" და "NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი" ძალიან კარგად მუშაობენ [...]

და ბოლოს, ჩვენი მოკავშირეები, NATO-ს წევრები განიხილავენ საქართველოს უფრო მეტ ჩართულობას სამხედრო სწავლებებში, მათ შორის, რეგიონში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გაწერილი ოთხი მკაფიო ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო მეტად ჩაერთოს", - ამბობს ჯეიმს აპატურაი.

კომენტარები