ლელოს ეკონომიკური გეგმა

ხაზარაძე მთავრობას: დღე და ღამე უნდა მიდიოდეს ხვნა და თესვა, დაეხმარეთ ადამიანებს ამაში

მამუკა ხაზარაძე
ლელო

"ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს მთავრობას, დაეხმაროს ადამიანებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

"დარჩა ერთი თვე, დღე და ღამე უნდა მიდიოდეს ხვნა და თესვა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ნიორის, ხახვის, პომიდვრის იმპორტზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ბევრმა ადამიანმა მიაშურა სოფლებს, თავიანთ სავარგულებს, ყველანაირი მეთოდით, ყველა ძალები უნდა იქნას გადასროლილი იმისთვის, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფომ აღმოუჩინოს დახმარება, რომ ერთწლოვანი კულტურები რაც შეიძლება მაქსიმალურად იქნას მოყვანილი", - თქვა ხაზარაძემ "ლელოს" ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას.

"ლელოს" 6 მილიარდიანი პაკეტი აქვს შემუშავებული. ხაზარაძის თქმით, მისი მობილიზება შიდა რესურსებით უნდა მოხდეს, გარე დახმარებები კი პოსტკრიზისული პერიოდისთვის უნდა გამოიყენონ.

ხაზარაძის მოსაზრებით, 6-დან ერთი მილიარდი უნდა განაწილდეს თითქმის მილიონნახევარ ადამიანზე, იმის გარჩევის გარეშე, ოფიციალური სამსახური დაკარგეს მათ, თუ თვითდასაქმებული იყვნენ. ლელოს გეგმის მიხედვით, სამი თვის განმავლობაში ყველამ 1000 ლარი უნდა მიიღოს.

მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ადამიანები, რომელთაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ, თვითდასაქმებულები კი - ერთჯერადად 300 ლარს, ესეც იმ შემთხვევაში,  თუ იურიდიული პირის მიერ გაცემულ დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ. ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები დახმარებას ვერ მიიღებენ.

კომენტარები