ბელგია

ბელგიელებს მოუწოდებენ, ფრი კვირაში 2-ჯერ ჭამონ, რათა 750 ათასი ტონა კარტოფილი არ გაფუჭდეს

კორონავირუსის პანდემიის გამო, ბელგიაში მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა განთქმულ ადგილობრივ სასუსნავზე - ბელგიურ ფრიზე.

გარდა იმისა, რომ რესტორნები და ბარები დაკეტილია, გაუქმდა მუსიკალური ფესტივალები და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებებიც, სადაც ფრის უამრავი ადამიანი შეექცეოდა. ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო კი გაყინული ფრი ექსპორტზე ვეღარ გადის.

კვლავ მუშაობენ ფრიტერიები, რომლებიც მომხმარებელს წასაღებ ფრის სთავაზობენ, მაგრამ ადამიანები გარეთ ნაკლებად გადიან, ამიტომ მათი გაყიდვებიც შემცირებულია.

ამ ყველაფრის გამო, შესაძლებელია, 750 ტონა კარტოფილი გამოუყენებელი დარჩეს და გაფუჭდეს, რაც წლევანდელი მოსავლის 40%-ია.

ამის თავიდან ასაცილებლად ბელგიის კარტოფილის ფერმერთა ასოციაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ფრი კვირაში ორჯერ მაინც ჭამონ.

ამასთან ერთად, კარტოფილის ფერმერთა ასოციაციამ გამოაცხადა, რომ მაისის ბოლომდე კვირაში 25 ტონა კარტოფილს მიაწვდის საკვების ბანკებს, რომლებიც, თავის მხრივ, კარტოფილს გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგებენ.

ბელგიამ საკარანტინო ზომები 14 მარტს მიიღო, ეტაპობრივი შემსუბუქების დაწყებას კი 4 მაისიდან გეგმავს.

კომენტარები