კორონავირუსი

საგარეო: აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა

შემოსავლების სამსახური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა, მათ შორის - მეზღვაურები.

სამინისტროს ინფორმაციითვე, 29 აპრილს, აზერბაიჯანის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, საქართველოს 75 მოქალაქე დაბრუნდა სახმელეთო გზით. მანამდე, 24 აპრილს, 35 მოქალაქე დაბრუნდა.

უწყების ცნობით, დღეს, 30 აპრილს, თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ავტობუსით, ანტალიიდან საქართველოში სტუდენტები და იქ მომუშავე ახალგაზრდები ჩამოვიდნენ.

"28 აპრილს, რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა 5 ქართველი მეზღვაურის თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და ქ. იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება. აღსანიშნავია,რომ თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების ფარგლებში, უცხოელ მეზღვაურებს ეკრძალებათ თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლა", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 8,728 მოქალაქე დაბრუნდა.

კომენტარები