თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა: "იმედის" წამყვანის მონოლოგი აგებული იყო ჰომო/ტრანსფობიურ ნარატივზე

თანასწორობის მოძრაობა ეხმაურება ტელეკომპანია იმედის გადაცემის "ღია ეთერი" 28 აპრილის გამოშვებაში ერთერთი წამყვანის მონოლოგს და აღნიშნავს, რომ ის მთლიანად აგებული იყო ჰომო/ტრანსფობიურ ნარატივზე.

მაგალითად, გადაცემის ერთერთმა წამყვანმა ვანო მერაბიშვილთან წარმართულ ინტერვიუზე საუბრისას "მთავარი აქცენტების" წამყვანის ნიკა გვარამიას მიმართ გამოიყენა შემდეგი სიტყვები:

"…მეორე სუბიექტი [ნიკა გვარამია], რომელიც ასევე დაკარგულია, ოღონდ, როგორც ჩანს, გენდერული იდენტობის ძიებაში…", "მასაც [ვანო მერაბიშვილს] და მისი გენდერული იდენტობის ძიებაში დაკარგულ მოსაუბრეს [ნიკა გვარამიას] არ გახსენებია…"

ამავე გადაცემაში, რესპუბლიკური პარტიის წევრ ლევან ბერძენიშვილზე საუბრისას, გამოიყენეს ფოტო, სადაც მას ლგბტ დროშა უჭირავს:

"ლევან ბერძენიშვილზე საუბრისას სულ ორი ფოტო იქნა გამოყენებული. აქედან ფოტო ლგბტ დროშით ორჯერ, უფრო ხანგრძლივად იყო ნაჩვენები. მნიშვნელოვანია, რომ საუბარი არ შეეხებოდა ლგბტ უფლებების დაცვას ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე საკითხს".

თანასწორობის მოძრაობა ამბობს, რომ გაუგებარი დარჩებოდა ამ ფოტოს გამოყენების მიზანი, ცხადი რომ არ იყოს ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზების ნაცნობი მეთოდები - გადაცემის ავტორები, ლგბტ თემთან უადგილო დაკავშირებით, მათი აზრით, ბერძენიშვილის მიუღებელ ფიგურად წარმოჩენას ცდილობდნენ.

"ლგბტ თემი ერთერთ ყველაზე მარგინალიზებულ და ჩაგრულ ჯგუფად მიიჩნევა, სოციალური და უფლებრივი უთანასწორობა მწვავედ ისახება ლგბტ ადამიანების ცხოვრებაზე. ჰომოფობია/ტრანსფობია ხდება იმის საფუძველი, რომ არაერთი ადამიანი სოციალური მხარდაჭერის გარეშე რჩება, რაც მათ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა მოქალაქეებთან შედარებით", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მედიას , რომელსაც საზოგადოებრივ განწყობებზე გავლენა აქვს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლგბტ საკითხების გაშუქებისას:

"ტელეკომპანია იმედი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. ის ერთერთი რეიტინგული ტელევიზიაა. შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, რომ დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მაყურებლებზე. აღნიშნულ შემთხვევაში გადაცემაში, წამყვანის სარედაქციო ტექსტითა და შეუსაბამო კადრების გამოყენებით წახალისებულია დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე", - წერია გნცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს ხელი ეშლებათ განათლების, სხვადასხვა მომსახურების მიღებაში, საზღვარზე გადაადგილებაში:

"ამის გამო ტრანსგენდერი ადამიანები დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან. ტელეკომპანია იმედი და გადაცემის ავტორები უნდა აცნობიერებდნენ, რას სჩადიან, როდესაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, გენდერული იდენტობის საკითხს ქილიკისა და დისკრიმინაციის საგნად აქცევენ"

თანასწორობის მოძრაობა მოუწოდებს გადაცემის წამყვანებსა და ტელეკომპანია იმედს, მეტი წინდახედულება გამოიჩინონ, როდესაც "ადამიანების ბედით თამაშობენ და გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საკითხებს პოლიტიკური ანგარიშსწორების საგნად აქცევენ".

კომენტარები