დონალდ ტრამპი

ტრამპი: ქვეყნის არ დახურვის გამო შვედეთი მძიმე ფასს იხდის, აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

დონალდ ტრამპი
Reuters

დონალდ ტრამპმა შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპმა ამის შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შვედეთი ზომიერი ზომების გამო შეაქო.

"მიუხედავად საპირისპირო ანგარიშებისა, ქვეყნის არ დახურვის გამო შვედეთი მძიმე საფასურს იხდის. დღეისათვის იქ 2 462 გარდაცვლილი ჰყავთ. ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ნორვეგია (207), ფინეთი (206) ან დანია (443). აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო." დაწერა მან ტვიტერზე.

WHO-ს მედიცინის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის მაიკ რაიანის თქმით, შვედეთის შემთხვევა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში მომავლის მოდელს წარმოადგენს.

მისი თქმით, შვედეთი საკუთარ მოსახლეობას ენდო სოციალური დისტანცირებისა და თვითრეგულირების საკითხებში და "მასთან თანამშრომლობის" გზით გადაწყვიტა ეპიდემიასთან ბრძოლა.

შვედეთმა კრიზისის მართვის სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებული გზა აირჩია - სკოლები არ დაკეტილა, ბიზნესების უმეტესი ნაწილი, მათ შორის რესტორნები და ბარები, ღიაა, მოქალაქეებს კი გადაადგილების უფლება შეზღუდული არ აქვთ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შვედეთში ახალი კორონავირუსის 20 000 შემთხვევაზე მეტია დადასტურებული, გარდაცვლილია 2 400 ადამიანზე მეტი.

წაიკითხეთ შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის და არჩეული სტრატეგიის ავტორის, ანდერს ტეგნელის ინტერვიუ, რომელიც ხსნის, რატომ აირჩია ქვეყანამ ეს მეთოდი და რატომ ჰყავთ უფრო მეტი გარდაცვლილი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებს.

აშშ-მა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საკარანტინე ზომები აამოქმედა. აღსანიშნავია, რომ თავად ტრამპი შტატების გუბერნატორებს მოუწოდებს დაიწყონ შემოღებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა.

ამჟამად აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვირუსი დაუდასტურდა 1,010,507 ადამიანს, დაიღუპა 56,803, გამოჯანმრთელდა 139,162 ადამიანი.

ტრამპის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-ში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სხვა ქვეყნებისას აჭარბებს, ტესტირების უკეთესი სისტემაა.

კომენტარები